skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ჟენევაში წარსადგენ წინადადებებზე საუბრობს

რუსეთის მხარე 18-19 მაისს ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე აპირებს წინ წამოწიოს ძალის არ გამოყენების თაობაზე თბილისსა და სეპარატისტებს შორის შეთანხმებების გაფორმების და საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების საკითხები.

”რუსეთის მხრიდან აქცენტი გაკეთდება მყარი გარანტიების შემუშავებისა და უზრუნველყოფის საჭიროებაზე, რათა აღკვეთილ იქნას თბილისის მხრიდან აგრესია და სამხედრო მოქმედებები რეგიონში მეზობლების მიმართ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

”ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა, ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების ხელმოწერა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, ასევე საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ამ სახელმწიფოების საზღვრებზე უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საიმედო რეჟიმები, რომელიც გაითვალისწინებს ქართული მხარის მიერ სრულ და თანმიმდევრულ შესრულებას მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების,”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, განსხვავებით საქართველოსგან, რუსეთმა უკვე დიდი ხანია შეასრულა მედვედევი-სარკოზის შეთანხმებები. სამინისტროს ამის დასადასტურებლად, მოჰყავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის მიერ სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმებები.

სარკოზი-მედვედევის შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ძალების დახევას 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე. სასაზღვრო შეთანხმებების მიხედვით კი, რუსი მესაზღვრეები ადმინისტრაციულ საზღვრებს დაიცავენ და მათი საერთო კონტიგენტი სეპარატისტულ რეგიონებში იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს აგვისტოს ომამდე იყო.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჟენევის შეხვედრაზე ასევე წამოწევს საკითხს საქართველოსთვის თავდასხმითი შეიარაღების მოწოდებაზე საერთაშორისო ემბარგოს შემოღების თაობაზე, რაც ”სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს”. 

”გასული წლის აგვისტოში თავისი არაადამიანური ავანტიურის მარცხის მიუხედავად, საქართველოს ხელმძღვანელობამ თავისთვის ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა,”- ნათქვამია განცხადებაში, ”თბილისში კვლავ გაისმის მოწოდებები აღდგენილ იქნას საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად დაკარგული ტერიტორიული მთლიანობა ძალისმიერი მეთოდებით. ყველაფერი ეს ხდება ღრმა შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელშიც ქვეყანა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა”.

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შიდა პრობლემებიდან საქართველოს მოსახლეობის ყურადღება გადაიტანოს ”ხელოვნურად შექმნილი საშიშ საგარეო ტრიუკებზე”.

იმავდროულად, აფხაზური მხარე, რომელიც ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მსგავსად ასევე მონაწილეობს ჟენევის დისკუსიებში, აცხადებს, რომ მათი მონაწილეობა ორშაბათიდან დაგეგმილ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან 15 მაისს არ გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე. ”ინტერფაქსი” იტყობინება სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ამ მოხსენების გამოქვეყნება საეჭვოდ გადაიდო და მის გაცნობამდე აფხაზური დელეგაცია ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button