![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
აქციების ორგანიზატორ პარტიებში დიალოგის თემებზე აზრთა სხვადასხვაობაა
საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის ხელისუფლებასთან დიალოგის თემებზე აზრთა სხვადასხვაობაა.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც აქციების გამწვავების მომხრეა, აცხადებს, რომ დიალოგი შეიძლება გაიმართოს მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის პირობებზე და ”ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია, მას სრული უფლება აქვს იმოქმედოს განსხვავებული გზებით”.
”მე პირადად მიმაჩნია, რომ ვერანაირი დიალოგი გარდა პრეზიდენტის გადადგომის და გადადგომის პირობების საკითხებისა, ნამდვილად ვერ გაიმართება და არც უნდა გაიმართოს,”- განუცხადა ბურჯანაძემ 13 მაისს ჟურნალისტებს. ”მე ვარ კონკრეტული ქმედებების მომხრე. იმიტომ, რომ მიმაჩნია ეს კაცი არის არადექვატური. პრეზიდენტმა თითი დაგვიქნია, რომ ის არ დაუშვებს სირცხვილის კორიდორების ჩატარებას, ჩვენ ხვალ სირცხვილის კორიდორს ჩავატარებთ და ვნახოთ აბა თუ ამაში ვინმე ხელს შეგვიშლის”.
მისი თქმით, ეს არ არის განხეთქილება ოპოზიციაში. ”თუ გამოიწვევს განსხვავებული გზებით სვლა ერთი მიზნისკენ სწრაფვას, ვინც უფრო სწრაფად მივა იმ მიზნისკენ, გამოჩნდება, რომ მისი გზა არის სწორი,”- აღნიშნა მან.
იმავდროულად, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას გუნდის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მზადდება ის წინადადებები, რომელიც უნდა წარედგინოს ხელისუფლებას მოლაპარაკებებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსში არ არიან მომხრე ”მშვიდობიანი” აქციების გაგრძელების.
”ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ იყოს გამწვავებები, იყოს აქციები, რომელიც არ გასცდება კონსტიტუციის ფარგლებს,”- განაცხადა აბაშიძემ, ”მაგრამ, იმავდროულად, ვამბობთ, რომ დიალოგის მაგიდასთან, მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად უნდა ვიყოთ”.
”დღეს უკვე საბოლოოდ გვექნება ჩამოყალიბებული, რა წინადადებები გვაქვს ჩვენ ხელისუფლებასთან,”- განაგრძო მან, ”აქედან გამომდინარე, თუ იქნება შეხვედრა [ხელისუფლებასთან], კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას”.
ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ”ბუნებრივი მოვლენაა”.
”ჩემთვის მთავარია, რომ ერთიანობა იყოს და ერთიანობა არის,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ერთიანობა როცა არ იქნება, ამას ერთ-ერთი პირველი მე ვიტყვი”.
”მე რომ ასჯერ ვუთხრა სააკაშვილს გადადექიო, ასჯერ ვარ ამის მთქმელი, რათა განიმუხტოს სიტუაცია,” – განაგრძო მან, ”მაგრამ ასგზის ვარ მომხრე მწვავე აქციებზეც”.
მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საერთო გადაწყვეტილებაა გამწვავდეს აქციები და გაფართოვდეს მათი გეოგრაფია.
”პროტესტის ფორმები, რომლებიც დღემდე იყო გამოყენებული კონსტიტუციური და ლეგიტიმური, ეს იქნება გაგრძელებული,”- განაცხადა მან.
სავარაუდოდ, ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე შეიტანს სიცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)