ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართული პოლიტიკის გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 29 აპრილს, რომ ქართული პოლიტიკის გაწმენდის ძალიან სასარგებლო პროცესი მიდის ქვეყანაში.

მისი თქმით, ახლა დროა, რომ პოლიტიკოსებმა გააკეთონ არჩევანი ან ”გადავიდეს ქართული პოლიტიკის შემდგომ ეტაპზე, ან დარჩეს 80-იან წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისის ქაოსის და არეულობის სიტუაციაში”. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ვარიანტი შეუძლებელია, რადგანაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ახლა ძლიერია და ფუნქციონირებს.

რუსთავის ცემენტის ქარხანაში სტუმრობისას სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების ტაქტიკა, რომ ოპოზიციისთვის უფლება მიეცა ”საკნების ქალაქი” მოეწყო ქუჩების გადაკეტვით, სულაც არ არის ხელისუფლების სისუსტის ნიშანი.

”ეს არის სიძლიერის პოზიცია,” – განაცხადა მან, ”და სიძლიერის პოზიცია იმისა, რომ ყველა პატარა ჯგუფსაც კი მივცეთ საშუალება, ჯერ ერთი, თუ რამე აქვს სათქმელი ბოლომდე გამოთქვას, საზოგადოებამ დაინახოს რა სახის ძალებთან აქვს საქმე და ბოლომდე მიხვდეს რა არის ძალთა ბალანსი და რა არის სხვადასხვა ჯგუფთა მოსაზრებები და მთლიანობაში პოლიტიკური პროცესი დაიწმინდოს”.

”მე ვფიქრობ ახლა ზოგადად მიმდინარეობს ძალიან სასარგებლო პროცესი, პოლიტიკური პროცესების გაწმენდის, ყველაფრის თავის ადგილზე დალაგების და დაყენების და მე ვფიქრობ, ვისაც აქვს უნარი, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე  ქართული პოლიტიკის, მიაღწიოს წარმატებას ის ამოცანას გამოიყენებს. რაც ხდება, არის ყველაფრის დაწმენდა და ყველაფრის ყველასთვის გარკვევა. აი თუ ვინმეს დანახვის უნარი აქვს და ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყველაფრის დანახვის უნარი აქვს და ძალიან ბრძენია ხალხი, ყველაფერს მშვენივრად ხედავს, ყველაფერს მშვენივრად აფასებს და იმედი მაქვს, რომ ეს შეფასება და დანახული, თუნდაც ამ ბოლო დღეებში, ჩვენს საზოგადოებას გაყვება დიდხანს იმისათვის, რომ ჩვენში იყოს გრძელვადიანი სტაბილურობა,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ხალხს არ აინტერესებს დღის წესრიგი ”პოლიტიკოსებისა თბილისის ცენტრიდან” – იგი იმ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობდა, რომლებიც საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობენ.

სააკაშვილმა ასევე გაიმეორა, რომ ხალხის შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს ეკონომიკური სირთულეები და ეს არის ის საკითხი, ”რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ”.

სააკაშვილის ეს განცხადება ნაციონალურმა ტელევიზიებმა არ უჩვენეს. მათ მხოლოდ ის კომენტარი გააშუქეს, სადაც სააკაშვილი ქარხანაზე საუბრობს და არა პოლიტიკურ მოვლენებზე. სააკაშვილის განცხადება სრულად აჩვენა საკაბელო ტელეარხმა ”მაესტრომ.” სააკაშვილის განცხადების შემოკლებული ვერსია ასევე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მსგავსი/Related

Back to top button