skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს ენერგოსატრანზიტო შესაძლებლობები ფართოვდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბულგარეთში ენერგოსამიტს ესწრება, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ენერგოსატრანზიტო ფუნქცია არათუ ”მოკვდა”, არამედ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

”მე მიმაჩნია, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით აგვისტო ომის შემდეგ არა მხოლოდ არ მოკვდა ეს თემა, იმიტომ რომ სპეციალურად ესროლეს რაკეტები ჩვენს ნავთობსადენს, არამედ პირიქით ყველა მიხვდა ახლა დროა, რომ გამოფხიზლდეს და გააძლიეროს ეს მიმართულება. ამიტომ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მიაღწია აგრესორმა ჩვენს შემთხვევაში. პირიქით, გაფართოვდა და გაცხოველდა ამ თემაზე ლაპარაკი და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა,”- განუცხადა მან ქართულ ტელეკომპანიებს სოფიაში.

მისი თქმით, საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა არ უდგას აზერბაიჯანთან გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტის გამო და სწორედ ამიტომაც არ გაუთიშა რუსეთმა გაზის მიწოდება საქართველოს ამ ზამთარს მაშინ, როცა ”პირდაპირ მიმართა ენერგო-შანტაჟს” ევროპული სახელმწიფოების მიმართ.

”ჩვენ ვიხდით გაზში რამდენჯერმე უფრო დაბალ ფასს, ვიდრე იხდიან მომხმარებლები ევროპაში.
ერთი სიტყვით საქართველო არის განუზომლად უკეთეს მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით. ეს პრობლემა ჩვენ არ გვიდგას,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ ნაწილს ევროპის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობის გამოყენებით გაზის მისაღებად და მეორეს მხრივ, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში აშენდეს ახალი ტერმინალები, ე.ი. მშენებლობაზე დასაქმდეს ხალხი და ჩაიდოს ფული ჩვენ ეკონომიკაში, მეტი შემოსავალი შემოვიდეს ბიუჯეტში ტრანზიტიდან და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური და საერთოდ პოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button