სააკაშვილი: ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო ავანტიურის განახლების სიტუაცია არ არის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს შიგნით და მის ”ფარგლებს გარეთ” რუსული ძალების კონცენტრაცია აღემატება აგვისტოში არსებულ რაოდენობას, მაგრამ ”ახლა სიტუაცია იმისათვის, რომ რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურა რუსეთმა განაახლოს რეალურად არ არის”.
”ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი შესაძლო შიდა არეულობაზე და როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა კარგად გვაჩვენა – რა ფულიც არ უნდა დაიხარჯოს, რაც არ უნდა ქნან, საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და მასში სერიოზული არეულობის შეტანა არის შეუძლებელი და მეორეს მხრივ, ჩვენ ახლა გვაქვს ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა, ვიდრე გვქონდა შარშან აგვისტოში,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის გარეუბანში ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში სტუმრობისას.
მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი საქართველომ უნდა დაიწყოს გამაგრებული საერთაშორისო პოზიციებით. მისი თქმით, დღეს რუსეთისთვის საქართველო მხოლოდ ქართლი, კახეთი და იმერეთია.
”მე მოვისმინე, რომ იმეორებენ რუსები, რომ ჩვენ გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ აი თუ მთავრობა შეიცვლება მაშინ გვექნება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”როცა ისინი ამბობენ საქართველოს ისინი გულისხმობენ არა საქართველოს, როგორც ამას გულისხმობს დანარჩენი მსოფლიო – ფსოუდან როკის გვირაბამდე, არამედ ისინი გულისხმობენ დღეს საქართველოს სახით – ქართლს, კახეთს იმერეთს. აი ეს არის დღეს რუსეთისთვის საქართველო”.
”ამიტომ ჩვენი ამოცანაა იმისათვის, რომ რუსებთან მოვამზადოთ ნამდვილი დიალოგი, გავიმაგროთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, მოვახდინოთ ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამის ახლა უნიკალური შანსია, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, დარწმუნდეს რუსეთი, რომ საქართველოს გარედან და შიდა არევა არის შეუძლებელი და ყველაფერი ეს იქნება ბევრად უფრო მყარი საფუძველი იმისათვის, რომ არსებითად ეს დიალოგი გაიმართოს იმისათვის, რომ გადაილახოს ის უბედურება, რაც აქამდე არსებობს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში,”- განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილმა თავის კომენტარში ასევე ახსენა საქართველოს ”მთლიანი ოკუპაცია”.
”ახლა მე მაინც მგონია, ჩვენი მთავარი საფრთხე არის არა საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია, მთლიანი ოკუპაცია, რომელზეც ალბათ ვიღაცეები ოცნებობენ, არამედ ახლა დღის წესრიგში უნდა დადგეს საკითხი საქართველო სრული დეოკუპაციის და ამის პირობებს ჩვენ ახლა ყველანი ვამწიფებთ,”- აღნიშნა მან.
Newsweek-თან ინტერვიუში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ”ალბათ ბედნიერი იქნება მე რომ თანამდებობა დავტოვო”. სააკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი მოიწონებენ საქართველოზე ხელახლა თავდასხმის იდეას, თუმცა იქვე დასძინა: ”შემიძლია ვივარაუდო, რომ ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთში დღესაც ფიქრობს საქართველოზე თავდასხმის შესახებ, რათა შემდეგ განაცხადონ, რომ მე შევიჭერი რუსეთში, რათა ყურადღება გადამეტანა ოპოზიციიდან”.
ამავე ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ამჟამად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 5 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება თითოეულში. აგვისტოს ომამზე ცხინვალის რეგიონში რუსეთს 1 000-ზე მეტი ჯარისკაცის, ხოლო აფხაზეთში 3 000-ზე მეტი სამხედროს განთავსების უფლება არ ჰქონდა.
იანვარში სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოში საქართველოზე შეტევა შვიდი სხვადასხვა მიმართულებიდან განახორციელა 80 ათასიანმა რუსულმა არმიამ, ათასობით საბრძოლო ტექნიკის ერთეულით და 200-ზე მეტი ბომბდამშენით.
ამასთან, Newsweek-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დასავლელი პარტნიორებით იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ მათ შეაჩერეს საქართველოსთან ურთიერთობები ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგის მოლოდინში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)