ახალი ამბები

შსს-ში აქციების მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მონიტორინგის ცენტრი იქმნება, რომელიც 9 აპრილიდან საპროტესტო აქციების მონიტორინგს განახორციელებს, განუცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს.

მისი თქმით პოლიციის ხელმძღვანელები და უცხოელ დიპლომატები მონიტორინგის ”ცენტრალურ შტაბში” იმუშავებენ, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ თბილისის ცენტრში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ადევნონ თვალი მოვლენათა განვითარებას. მან არ დააკონკრეტა იმ დიპლომატების ვინაობა რომლებიც დათანხმდნენ თვალი ადევნონ მოვლენებს მონიტორინგის ცენტრიდან.

აპრილის აქციების ორგანიზატორი პარტიის ლიდერებმა 7 აპრილს თბილისში აკრედიტებულ დიპლომატებს შესთავაზეს შსს-ში დაგეგმილი ცენტრის ანალოგიური ”მონიტორინგის ჯგუფის” შექმნა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც საპროტესტო აქციების და პოლიტიკური მოვლენების გაშუქების შესახებ ინფორმაციას გააკონტროლებს.

იმავდროულად, უტიაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება ოპოზიციის მზადყოფნას მიტინგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამგვარ თანამშრომლობაზე მზადყოფნა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 7 აპრილს საჯაროდ გამოთქვა. თუმცა უტიაშვილის განცხადებით, კონკრეტული წინადადებით შსს-ში ჯერ არ მიუმართავთ.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 3 აპრილს განაცხადა, რომ მისი აპარატი აქციების მონიტორინგს განახორციელებს სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ობუდსმენის ოფისისა და არასამთავრობო ორგნიზაციების 100 წარმომადგენლის მეშვეობით. 

იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის ორგანიზაციის თაოსნობით, შექმნა საპროტესტო აქციების მონიტორინგის ჯგუფი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button