ახალი ამბები

ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 31 მარტს პარლამენტს საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარუდგინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ. ანგარიში 2008 წლის მეორე ნახევრის პერიოდს მოიცავს.

გარდა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევებისა, დაახლოებით 1 100 გვერდიანი დოკუმენტი იმ წინა პერიოდის ფაქტებსაც მოიცავს, რომლებიც, სუბარის თქმით, ”განსაკუთრებულ შეშფოთებას” იწვევდა და რომლებზეც ”დღემდე არ მომხდარა სათანადო რეაგირება”. 

წინასიტყვაობაში სახალხო დამცველი აკრიტიკებს საკანონმდებლო ორგანოს და აცხადებს, რომ ”სამწუხარო ტენდენციაა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ არ ახდენს რეაგირებას ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, რითიც ნებსით თუ უნებლიედ ახდენს ადამიანის უფლებათა დარღვევების წახალისებას”.
 
იგი ასევე აცხადებს, რომ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების ”არარსებობა” და ”არანაირი წინსვლა” სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით ”სერიოზულად პრობლემად” რჩება და ”შეშფოთებას” იწვევს.

სუბარის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების საჯარო განცხადებებისა, ”არაფერი გაკეთებულა” პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდის კუთხით.

დეკემბრის ბოლოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარმოადგინა, რომელსაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამოიწურა საკონსტიტუციო ცვლილების საჯაროდ განხილვისთვის საჭირო ერთთვიანი პერიოდი, საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხზე რაიმე შემდგომი ნაბიჯები არ გადაუდგამს. პროექტს ვენეციის კომისიაც იხილავს. 31 მარტს მმართველმა პარტიამ ოპოზიციას დიალოგის დაწყება შესთავაზა, მათ შორის შესაძლო საკონსტიტუციო რეფორმაზე.

თავის ანგარიშში სუბარი კვლავ აყენებს ე.წ. ”საიდუმლო შეხვედრის” საკითხს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თაოსნობით გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მაღალჩინოსანმა. სუბარის თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა ძალის გამოყენებით. სუბარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, თუ ასეთი კომისია შეიქმნება და წარუდგინოს მას იმის მტკიცებულებები, რომ ეს შეხვედრა მართლაც შედგა. ”მიუხედავად არაერთი მიმართვისა, საქართველოს პარლამენტისგან ვერ მივიღეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე,” – აცხადებს სუბარი.

თავის ანგარიშში სუბარმა ”პოლიტიკური პატიმრები” უწოდა უშიშროების ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის პარტია ”სამართლიანობასთან” დაახლოებულ პირებს, მათ შორის მაია თოფურიას და კიდევ თერთმეტ აქტივსტს, რომელთაც სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დასდო ბრალი და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ასევე აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის და, ნორა აღვლიანი ასევე ”პოლიტიკური პატიმარია”. ნორა აღვლიანი 2006 წელს დააპატიმრეს და უკანონო სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს ბრალი.

მოხსენება ასევე შეიცავს ფაქტებს ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის დროს სახლების ”შეგნებულად დაწვისა” და ”ეთნიკური წმენდის” შესახებ.

”ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, რომელთა უფლებები დღემდე ირღვევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ იმის გამოც, რომ მათ დღემდე არ მიუღიათ დევნილის სტატუსი და მათ მიმართ გაწეული დახმარება ხშირად არ არის საკმარისი,” – ნათქვამია მოხსენებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button