ახალი ამბები

ოქრუაშვილი: სააკაშვილი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იმ სიტუაციაში იმყოფება, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება ნებისმიერი ჰუმანური მეთოდით გამართლებულია, რადგანაც ის უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ვიდრე რუსეთი.

ოქრუაშვილმა, რომლის პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, 9 აპრილის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა თავის სატელევიზიო ინტერვიუში, რომ პირადად მას რაიმე საპრეზიდენტო ამბიცია არ გააჩნია.

ინტერვიუ, რომელიც 24 მარტს პარიზშია ჩაწერილი, სტუდია ”მაესტროს” ეთერში 27 მარტს გავიდა. ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ხოლო საქართველოში მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დაუსწრებლად.

”[აგვისტოს] ომის შემდეგ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირებს, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს, რადგანაც ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებაც შეუძლებელი იქნება, საუკეთესო შემთხვევაში, მომდევნო ათი ან თხუტმეტი წლის მანძილზე, თუ არა მომდევნო ოცი ან ოცდახუთი წლის მანძილზე,” – განაცხადა მან.

ოქრუაშვილის თქმით, აგვისტოს ”სამხედრო ავანტიურის” შემდეგ სააკაშვილს აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის ლეგიტიმური უფლება.

”მე ვიცი, რომ ის განცხადებები, რომელსაც მე გავაკეთებ, ბევრ მწვავე კომენტარს გამოიწვევს, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა – ეს ის შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან გამართლებულია ნებისმიერი ჰუმანური მეთოდით. იგი დღეს ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის და უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე რუსეთი,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, მას არ მიაჩნია, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლაში. ოქრუაშვილის თქმით, ამგვარი რიტორიკა ხელისუფლების ”პროპაგანდის” ნაწილია.

”რუსეთისთვის უფრო მისაღებია სუსტი ფიგურა როგორიც სააკაშვილია,” – განაცხადა ოქრუაშვილმა, ”სააკაშვილი, რომელსაც თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს დასავლეთში და არავინ დასავლეთში მას აღარ ესალმება, უფრო მისაღებია რუსეთისთვის. ახალი ლიდერი საქართველოში ნიშნავს ახალ იმედს… ერთი რამ ნათელია: სააკაშვილი არის თავის ტკივილი როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის”.

”თუ 2003 წელს [ვადების რევოლუციას] ეწოდა დემოკრატიული რევოლუცია, მაშინ დღესაც არსებობს იგივე უფლება ამის გასამეორებლად; სხვა საკითხია, არსებობს თუ არა საკმარისი რესურსები ამისთვის,” – განაგრძო მან, ”ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩამოვაშოროთ სააკაშვილი ხელისუფლებას. როგორ იქნება ეს მიღწეული? ამაზე პასუხი დღეს არავის აქვს… აქ საჭიროა სწორი ხედვა, ერთობლივი ქმედება თუ საითკენ მივდივართ, ნაცვლად იმისა გეგმები იცვლებოდეს ყოველდღე. თუ იქნება ნათელი ხედვა და ერთობლივი გეგმა, ეს მიღწეული იქნება”.

”სააკაშვილის ჩამოშორება მტკივნეული პროცესი იქნება და მისი მიღწევა ერთ დღეში შეუძლებელი იქნება; ეს არ მოხდება 9 აპრილს,” – განაცხადა მან.

ოქრუაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთობა არის ერთადერთი წამალი, რომელიც დაეხმარება სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.

”ჩვენ [ოპოზიციის ლიდერებმა] უნდა დავივიწყოთ ყველა პირადი წყენა და კონფრონტაცია, რაც შეიძლება გვქონდა წარსულში,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი პარტიის დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ამის კარგი მაგალითია.

ოქრუაშვილის თქმით, 2007 წელს, როდესაც ის დააპატიმრეს, ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მიესალმა მის დაპატიმრებას და ”გამოვდა სიტყვით პარლამენტში, რომელიც სახელმწიფო ღალატში ჩემი დადანაშაულების ტოლფასი იყო; მაგრამ დღეს მე არ მაქვს პრობლემა ბურჯანაძესთან ურთიერთობის, რადგანაც ჩვენ ვერ მივაღწევთ ჩვენ საერთო მიზანს პირადი წყენების დავიწყების გარეშე”.  
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button