ახალი ამბები

სუბარი ადამიანის უფლებათა კომისარს ახალგორის ორი მკვიდრის დაკავების საქმის შესწავლას სთხოვს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სთხოვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს შეისწავლოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ”სამშობლოს ღალატის” ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქის დაპატიმრების საქმე.

59 წლის თამარ ჩარაევა და 55 წლის გივი ჩიგოევი 4 მარტს დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ორივეს ბრალი ედება ღალატში და ძალის გამოყენებით ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში. 

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული დევნის საფუძველი ჯერ კიდევ 2006 წელს სამხრეთ ოსეთში ე.წ. ”საპრეზიდენტო არჩევნების“ პერიოდიდან იწყება.  მაშინ სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ: დიმიტრი  სანაკოევი, მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი, გივი ჩიგოევი და თამარ ჩარაევა.  ჩიგოევი ბოლო დროს დროებით ადმინისტრაციაში მუშაობდა, ხოლო ჩარაევა ახალგორის სკოლის მასწავლებელია.

ჰამარბეგისთვის გაგზავნილ წერილში, სუბარი ამბობს, რომ იმ დროისათვის, როგორც ამბობენ, დიმიტრი სანაკოევს ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ დანარჩენი პირები იმ პერიოდში იყვნენ და დღესაც არიან საქართველოს მოქალაქეები. ”აქედან გამომდინარე აბსურდია, რომ მათ ბრალი ედებათ ღალატში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთს არ ჰქონდა აღიარებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,”- ნათქვამია წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button