skip to content
ახალი ამბები

მოსკოვის და ცხინვალის უთანხმოება ფინანსური დახმარების გამო

მოსკოვსა და ცხინვალს შორის უთანხმოების წყარო გახდა რუსეთის განზრახვა პირდაპირი კონტროლი დაეწესებინა ცხინვალის ფინანსურ დახმარებაზე სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, წერს რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 3 მარტს.

აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 10 მილიარდი რუბლის (დღევანდელი კურსით დაახლოებით 275 მილიონი აშშ დოლარის) გამოყოფის ბრძანება გასცა სამხრეთ ოსეთში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით. ამ დახმარების ფარგლებში 1.8 მილიარდი რუბლი აგვისტოს ბოლოს გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოიყო და ეს თანხა ჩრდილოეთ ოსეთის ხაზინას გადაერიცხა.    

”კომერსანტის” ცნობით, ახლა რუსეთი გამოდის წინადადებით შეიქმნას სპეციალური ფედერალური სტრუქტურა რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროში, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი ფულის ხარჯვას გააკონტროლებს. რუსეთის კონტროლის პალატა მას შემდეგ გამოვიდა ამ წინადადებით, რაც 2008 წლის ნოემბერში 1.8 მილიარდის ათვისება შეისწავლა.

”კომერსანტის” ცნობით, რუსეთის სამინისტროს სპეციალური ფედერალური სტრუქტურა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და სეპარატისტულ ხელისუფლებას იქ სიტყვის უფლება არ ექნება.  

ცხინვალის რეგიონის პირველმა ვიცე-პრემიერმა ჰასან ფლიევმა განუცხადა ”კომერსანტს”, რომ ეს წინადადება არ არის სწორი გზა რეგიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაფინანსებლად.

”ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შეცვლილი რეალობა. აგვისტოში სამხრეთ ოსეთი არ იყო აღიარებული რუსეთის მიერ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამის გამო დაფინანსების სქემა იქნა შემუშავებული მოსკოვის მიერ და ეს ბუნებრივი იყო,” – განუცხადა ფლიევმა ”კომერსანტს”, ”მაგრამ ახლა ჩვენ აღიარებულები ვართ. ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პრინციპებს; დაფინანსება უნდა განხორციელდეს ჩვენი ფინანსთა სამინისტროს გავლით და არა ჩრდილოეთ ოსეთის ხაზინის გავლით”.

”კომერსანტის” ცნობით, უთანხმოებამ დაფინანსების სქემაზე შეაფერხა შემდგომი ტრანშის გამოყოფა.

”იმის გამო, რომ ფული არ არის, წლის დასაწყისიდან არავის არ მიუღია ხელფასები რეგიონში, მთავრობის წევრებსაც კი. ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს,” – განაცხადა ფლიევმა. 
   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button