
რვა პარტია საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ქცევის წესებზე შეთანხმდა
დღეს რვა პარტიამ ხელი მოაწერა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ძალისხმევით შემუშავებულ ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით სამუშაო პროცესს განსაზღვრავს.
ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს საპარლამენტო პარტიებმა: ნაციონალურმა მოძრაობამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, დემოკრატიულმა პარტიამ, ჩვენ თვითონ, ქართულმა დასმა, ლეიბორისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა; და ასევე არასაპარლამენტო პარტია მრეწველებმა.
აღნიშნული პარტიები მიიღებენ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე იმუშავებს. ამასთან, ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ პარტიას შეუძლია შეუერთდეს ქცევის კოდექსს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ორი თვის წინ გამოვიდა საარჩევნო კოდექსის რეფორმირებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"საარჩევნო კოდექსის შეცვლა არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, რაც ასახულია წარმოდგენილ ქცევის კოდექსში და იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურას,”- განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით წარიმართება.
ქცევის კოდექსის თანახმად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საარჩევნო კოდექსზე ყველა დისკუსია უნდა გაიმართოს კონსტრუქციულად და კონსენსუსის მიღწევის მიზნით; პროცესი მედიისთვის დახურული იქნება, ხოლო სხდომის დროს გაკეთებული ყველა კომენტარი კონფიდენციალური; ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი უნდა იქნეს არა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის, არამედ რეფორმის იმპლემენტაცის დროსაც; ასევე პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერი ფორმის მუქარას. ამასთან, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ყველა მონაწილე სუბიექტის წარმომადგენელი უნდა დაესწროს და გამოხატოს პარტიის ოფიციალური პოზიცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)