skip to content
ახალი ამბები

ვაშინგტონი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, თბილისის მე-5 იზოლატორის დახურვა და ნაციონალურ ტელეარხებზე პოლიტიკური თოქშოუების განახლება შეფასებულია, როგორც 2008 წლის ”მნიშვნელოვანი მიღწევები.”

თუმცა მოხსენება აღნიშნავს, რომ არსებობს ”სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ შეზღუდა გამოხატვის და პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”. თუმცა, იქვე მითითებულია, რომ ”ზოგიერთი შეზღუდვა [2008] წლის ბოლოსთვის შერბილდა.”

”წლის ბოლოსთვის ტელეკომპანიებმა განაახლეს ანალიტიკური პოლიტიკური თოქშოუების გაშვება, სადაც ერთად გამოდიოდნენ ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს ხდებოდა ყველა არხზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება მედიის საკუთრების საკითხები და ამ კონტექსტში მოყვანილია ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მაგალითი.

”ინფორმაცია არ მოიპოვება GeoMedia Group-ის საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რომლის წილიც ”რუსთავი 2”-ში 7 ნოემბერს 55-დან 40%-მდე შემცირდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

 მოხსენების თანახმად, ძალიან ხშირად ჟურნალისტებს არ აქვთ გაფორმებული კონტრაქტები დამქირავებლებთან, ”რაც თავის მხრივ თვითცენზურისკენ უბიძგებს ჟურნალისტებს”.

”სამსახურის დაკარგვის შიშით, ჟურნალისტები თავს იკავებდნენ მესაკუთრეების მოსაზრებების საწინაღმდეგო ინფორმაციის გავრცელებისგან,” – ნათქვამია მოხსენებაში.

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დოკუმენტში წერია, რომ ”კვლავ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ისევ განაგრძობს ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე”.

მოხსენების თანახმად, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლება ”პროკურორების ნოტარიუსად გადაიქცა,” ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ”გადაჭარბებულ გავლენას” ახდენს სასამართლოზე.

დოკუმენტი, რომელშიც ხშირად არის მოყვანილი ინფორმაციები სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოხსენებებიდან, აცხადებს, რომ ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში ხუთი პოლიტპატიმარია: მერაბ რატიშვილი, იოსებ ჯანდიერი, ილია წურწუმია, ჯონი ჯიქია და დიმიტრი გოდაბრელიძე.

მოხსენება საკუთრების უფლების დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ”შეარბილა პოზიცია უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით და ნება დართო უკანონო ნაგებობების ან უკანონოდ შეძენილი ქონების ლეგალიზაციაზე, რის შემდეგაც საზოგადოებივი მღელვარება შესუსტდა.”

მოხსენების თანახმად, 2008 წელს ხუთი თავდასხმა მოხდა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე.

”პოლიციამ ამ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, თუმცა შემდგომი ღონისძიებები უკვე შენელდა ამ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც [პოლიციის მხრიდან] განიხილება, როგორც უმნიშვნელო ’ხულიგნობა’,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, ”სახელმწიფო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის საერთო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ წვრილმანი კორუფციის დონე 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ შემცირდა”. 

”მიუხედავად ამისა, მაღალ ეშელონებში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება და დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ ოფიციალური ანტი-კორუფციული კამპანია დასჯაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე აღკვეთაზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების შესავალ ნაწილში ასევე ნახსენებია ”აგვისტოს კონფლიქტი” და ნათქვამია: 
 
”ადგილი ჰქონდა ყველა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში, მათ შორის მკვლელობებს, დაბომბვას და საპასუხო ცეცხლის გახსნას. 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისი იწყებდა თავდასხმას, რათა თავი დაეცვათ, როგორც მათ განაცხადეს, რუსეთის შემოჭრისგან. საქართველომ ცხინვალში და სეპარატისტული რეგიონის სხვა ადგილებში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო შეტევა დაიწყო არაპროპორციული ძალის გამოყენებით ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათ პასუხი გასცეს საქართველოს მიერ დიდი ძალის გამოყენებას ცხინვალში, რასაც რუსი სამშვიდოებოების სიკვდილი მოჰყვა. არსებული ცნობების თანახმად, ქართული და რუსული ძალების მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების დროს ადგილი ჰქონდა განურჩეველი ძალის გამოყენებას, რამაც სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის ჟურნალისტებს შორის. იყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პირები ახორციელებდნენ დახვრეტებს, წამებას, ეთნიკური მოტივით თავდასხმებს და [სახლების] გადაწვებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button