უშიშროების საბჭო გაეროს დამკვირვებლებს მანდატს გაუგრძელებს
გაეროს უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, მიიღებს საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს საქართველოში გაეროს დამკვირვებლების კიდევ ოთხი თვით დარჩენის თაობაზე, განაცხადეს გაეროს დიპლომატებმა 10 თებერვალს.
”დარწმუნებული ვარ, რომ [გადაწყვეტილების] ფორმალური მიღება კვირის ბოლომდე შედგება,” – განაცხადა 10 თებერვალს იაპონიის ელჩმა გაეროში იუკიო ტაკასუმ, რომელიც მიმდინარე თვეში საბჭოს პრეზიდენტია.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთმა წარმოადგინა პროექტი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის სახელით, რომელიც აერთიანებს საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს და აშშ-ის.
იაპონელმა დიპლომატმა თავი შეიკავა პროექტის დეტალებზე საუბრისგან, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრებმა 10 თებერვალს არაფორმალურად განიხილეს; თუმცა, აღნიშნა, რომ ტექსტი ”კარგი და დაბალანსებულია,” რომელიც გაითვალისწინებს მანაწილე მხარეთა წუხილებს.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, რომ რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის, რომელიც 15 თებერვალს იწურება, ოთხი თვით გაგრძელებას და რომ უშიშროების საბჭო ამ რეზოლუციას მიმდინარე კვირას მიიღებს.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, რომ რეზოლუციის პროექტი შეიცავს საბჭოს განზრახვას ”გაეროს მისიის რეგიონში შემდგომი დარჩენის ელემენტები 2009 წლის 15 ივნისისთვის გამოკვეთოს” და ასევე მინიშნებას აკეთებს უშიშროების საბჭოს 2008 წლის აპრილის რეზოლუციაზე, რომელიც მხარს უჭერს ”საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში”.
AFP-ი ასევე იტყობინება, რომ ტექსტში არ არის ნახსენები ”საქართველო” და არც გაეროს მისია მოიხსენიება მისი ოფიციალური სახელით – ”გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში”. უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციაც ანალოგიური იყო ამ კუთხით.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებასაც დაადოს ვეტო, როგორც ეს ეუთოს მისიის შემთხვევაში გააკეთა. ეუთოს მისიის მსგავსად, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიმართულებაზე მუშაობს, რუსეთი მოითხოვს ცალკე, დამოუკიდებელ გაეროს მისიას აფხაზეთში, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მისიის თბილისის ოფისთან.
”როიტერი” იტყობინებოდა 10 თებერვალს მოსკოვში უცნობ დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომელიც გათვითცნობიერებული იყო გაეროს დამკვირვებელთა მანდატის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომ გაეროს მისია განსხვავდება ეუთოს მისიისგან. ”რუსეთისთვის უფრო რთული იქნება გაეროს გაძევება, როდესაც ის თავადაც კი ამბობს, რომ გაერო უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც საერთაშორისო დავები უნდა განიხილებოდეს,” – განაცხადა დიპლომატმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 10 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს ნომერ პირველი პრიორიტეტი გაეროს მისიის მანდატთან მიმართებაში არის ნებისმიერი ისეთი რეზოლუციის თავიდან აცილება, სადაც შესული იქნება აფხაზეთის აღიარების ელემენტები, ხოლო მეორე პრიორიტეტია ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც დაეხმარება გაეროს დამკვირვებლების პირველ პრიორიტეტთან თავსებად დარჩენას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)