skip to content
ახალი ამბები

თბილისი ეუთოს მისიის გაგრძელებისადმი ოპტიმისტურად არ არის განწყობილი

ამჟამად ადგილი აქვს მცდელობას იმ ”ფორმულის” გამოსაძებნად, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნებას, თუმცა რუსეთის ვეტოს უფლება ამგვარ სცენარს ნაკლებ რეალისტურს ხდის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ მცდელობების მიუხედავად, პირადად იგი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიმართ.

დეკემბერში რუსეთმა ეუთოს 16-წლიანი მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. შედეგად, ამჟამად მისია დახურვის ფორმალურ პროცედურებს გადის. მოსკოვი დაჟინებით ითხოვდა ახალ მანდატს მისიისთვის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაჩენილ ახალ რეალობას ასახავდა. რუსი დიპლომატები მოითხოვდნენ  ეუთოს ცალკე მისიას სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა.

15 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საუბრისას ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს დარჩენაზე კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია.

”საქართველოში ეუთოს მომავალ ყოფნას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აშკარაა, რომ სიტუაცია ადგილზე და მთელს რეგიონში მოითხოვს ეუთოს მეტ ჩართვას. ეუთოს გააჩნია ხანგრძლივი ტრადიცია მნიშვნელოვანი და მოქნილი მოგვარებისა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ იქნება ყველა მხარის კეთილი ნება და პოლიტიკური გამბედაობა,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს კრიზისი საქართველოში იყო ”როგორც გამოწვევა, ისე ხელსაყრელი შესაძლებლობა”. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისმა ”შეარყია ჩვენი თვითდაჯერებულობა და შეგვახსენა, რომ ჩვენი საქმე არ არის გაკეთებული”. 

”ამიტომაც, ეს გვაძლევს შესაძლებლობას გადავხედოთ იმ მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, რათა ხელახლა შევიტანოთ წვლილი შეთანხმებული ვალდებულებების სრულ განხორციელებაში და განვიხილოთ ახალი გზები მყარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა 14 იანვარს, რომ ეუთოს არ სარგებლობს ავტორიტეტით ცხინვალში. მან ასევე განაცხადა, რომ ცხინვალს არ სურს რკინის ფარდით გამოეყოს დანარჩენ მსოფლიოს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეუთოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობები ცხინვალთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button