ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ ქარტიას და იგი დასავლეთისკენ გადადგმულ ნაბიჯად და საქართველოს დემოკრატიულ მიღწევად შეაფასა.

10 იანვარს ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდენტმა რამდენიმე პუნქტი ჩამოთავალა, რომლებიც მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ქარტიაში.

”პირველი – საქართველო საკუთარი არსებობის მანძილზე, პირველად უახლეს ისტორიაში იწყებს დამკვიდრებას საერთაშორისო სისტემაში,” – განაცხადა მან, ” ამ დოკუმენტის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ამ დოკუმენტით საქართველო მნიშვნელოვნად უახლოვდება ევრო-ატლანტიკურ სივრცეს”.

”მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესია და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს არის საქართველოს ნატო-სა და ევროატლანტიკური სივრცესთან დაახლოების უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი და ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი,” – დასძინა მან.

”ამ მემორანდუმის მესამე დატვირთვა არის ის, რომ თუკი მსოფლიოში ან ქვეყნის შიგნით ვინმეს რამე ეჭვი ჰქონდა, ამ მემორანდუმით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს აქვს წარმატებები, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენ გვყავს დემოკრატიული საზოგადოებრიობა…  ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა,” – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდება შემდგომი განვითარება და გაუმჯობესება.

”მეოთხე – ამ დოკუმენტის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ ეტაპზე,” – განაგრძო მან, ”ამ ურთიერთობაში ადრე არასდროს არ ყოფილა ნახსენები ტერმინი ”სტრატეგიული”. ამერიკა ამ სიტყვას ძალზე იშვიათად იყენებს ძალიან ცოტა ქვეყნის მიმართ. თუმცა ყოველთვის, მისთვის ამ ტერმინს კონკრეტული პოლიტიკური და სხვა სახის დატვირთვა აქვს”.

”მეხუთე, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება ამ დოკუმენტს კონსოლიდირებულად ვუჭერთ მხარს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან ქარტიას აშშ-სთან. გამონაკლისს ლეიბორისტული პარტია წარმოადგენდა.

”ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მუშაობას ვიწყებთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე,” – დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქარტია გაფორმდა აშშ-ის ძველ ადმინისტრაციასთან, ახალი ადმინისტრაციაც მხარს უჭერს საქართველოსთან თანამშრომლობას.

”არჩევიდან პირველივე დღეებში, ძალზე პოზიტიური საუბარი მქონდა პრეზიდენტ ობამასთან და კმაყოფილი ვარ იმით, რომ იგი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, კარგად იცნობს რეგიონის პრობლემატიკას და ჩამოყალიბებული აზრი აქვს თითოეულ საკითხთნ დაკავშირებით,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ნურავის ნუ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ ეს ან რაიმე სხვა დოკუმენტი ერთჯერადად, სწრაფად და ერთბაშად გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს”. 

”ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია უცხო, აგრესიული ძალის მიერ და ეს ძალა აგრძელებს აგრესიულ თამაშებს არა მარტო საქართველოსთან, არამედ უკვე, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში დავინახეთ, ევროპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან [მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დავა გაზის თაობაზე],” – განაცხადა მან, ”დღეს საქართველო არ იმყოფება ნორმალურ მდგომარეობაში – ჩვენ აგრესიის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით… სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ იზოლაციაში დარჩენას აგრესიულ, არასანდო, კორუფციასა და დიქტატურაზე დამყარებულ რეჟიმსა და იმპერიას 21-ე საუკუნეში არავითარი პერსპექტივა არა აქვს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button