skip to content
ახალი ამბები

სუბარის თქმით, შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ მას მაღალჩინოსანმა აცნობა

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ მას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომელიც ასევე ესწრებოდა იმ შეხვედრას. 

30 დეკემბერს გვიან საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში ”პირველი თემა” საუბრისას სუბარმა განაცხადა, რომ იმ პიროვნებას კვლავ უკავია მაღალი თანამდებობა, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან სახალხო დამცველმა თავი შეიკავა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინფორმაციას მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადასცემს, თუ ასეთი კომისია შეიქმნება.     

მან განაცხადა, რომ კიდევ ერთი ვარიანტი იქნება საჯარო გახადოს ის მტკიცებულება, რომელიც მას გააჩნია შეხვედრის შესახებ. ”მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო რთული იქნება იმის დადასტურება, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა,” – განაცხადა სუბარმა და იქვე დასძინა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საკმარისი უფლებამოსილება გააჩნია იმისა, რომ გამოიძიოს და დაადგინოს სიმართლე.

მანამდე პარლამენტში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას სუბარმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განზრახ დაგეგმეს 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლა.

მისი განცხადებით, შესაბამისი გეგმა განხილულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართა და რომელსაც ასევე ესწრებოდა ”ბევრი მაღალჩინოსანი”. თუმცა, სუბარმა მხოლოდ ოთხი მათგანი დაასახელა: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალაია. სუბარმა გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდა.

იმავე გადაცემაში სუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიტიკაში წასვლის გეგმები, თუმცა არ დააკონკრეტა როდის აპირებს ამის გაკეთებას. ”ამჟამად მე სახალხო დამცველი ვარ და არ ვკვეთ ამ ხაზს ჩემს განცხადებებში,” – დასძინა მან. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ფიქრი მან აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button