ახალი ამბები

სააკაშვილი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების ინტეგრაციაზე საუბრობს

საქართველოს მთავრობა დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, რათა დაეხმაროს ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლაში, რაც ხელს შეუწყობს მათი ინტეგრაციის პროცესს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 დეკემბერს.

სააკაშვილმა ეს განცხადება ნაციონალური მოამბის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.  

”ჩვენ უნდა ინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო ენის,  ქართულის სწავლა ეთნიკური უმცირესებებით- ე.წ. ეთნიკური უმცირესობებით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე ამ ტერმინს არ ვიღებ, მე არ მიმაჩნია, რომ ისინი ან უმცირესობები არიან, ან ეთნიკური ნიშნით უნდა გამოვყოთ – მაგრამ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქართულის სწავლა ჯავახეთში, ქვემო ქართლში და საქართველოს სხვა რეგიონში, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”აქამდეს ეს პროცესი, მაინც ძალიან დიდი კოჭლობით მიმდიოდა, მიუხედავად ჩემი მოწოდებისა და ჩემი არაერთგზის მითითებისა,” – განაგრძო პრეზიდენტმა. ”მე დავუკავშირდი დღეს განათლების მინისტრს, მე ვავალებ მთავრობას, რომ ხელფასი იმ პედაგოგების, რომლებიც ასწავლიან ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ ადგილებში გაუტოლდეს 1000 ლარს, როცა ისინი მუშაობენ სრული დატვირთვით. ეს მოგვცემს საშუალებას საუკეთესო სპეციალისტები მივიზიდოთ იქ სწავლა-განათლების განსახორციელებლად”.

მან ასევე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები ეთნიკური ჯგუფებისთვის არ უნდა ტარდებოდეს იგივე სტანდარტით, როგორც ეროვნებით ქართველებისთვის.

”არასწორია მათთვის იგივე პირობების წაყენება, რაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს იყო სერიოზული ხარვეზი განათლების სამინისტროს  რეფორმის. ჩვენ ეს ხარვეზი სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს გამოვასწოროთ და ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ მათ სპეციალური შეღავათი  სახელმწიფო ენის ჩაბარებისას, აუცილებლად უნდა დაუშვათ განსაკუთრებული ლიმიტები და აუცილებლად რამედნიმე ასეული წარმომადგენელი ამ გაადვილებული გზით უნდა სწავლობდეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ პრივილეგიები უნდა შეიმუშავოს ეთნიკური ჯგუფებისთვის, რათა ისინი დარჩნენ საქართველოში და ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლება, ნაცვლად ერევანში ან ბაქოში გამგზავრებისა. 

”ჩვენ განსაკუთრებულ პროგრამას ვამუშავეთ ახლა, სტიპენდიებით განსაკუთრებული, განსაკუთრებული შეღავათებით ენასთან დაკავშირებით, რათა საუკეთესო ინტელექტუალური რესურსები, რომელიც არის ქვემო ქართლში, ჯავახეთში, საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოვიდეს და სწავლობდეს საქართველოს, თბილისის და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს კულტურულ გაცვლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შორის. ”მაგალითად, უნდა გავაგზავნოთ ქვემო ქართლიდან აჭარაში, ან ჯავახეთიდან ქვემო ქართლში და ასე, რათა ერთმანეთის კულტურას გავეცნოთ,” – განაცხადა მან.  

”საქართველოს დეოკუპაცია მოხდება და საქართველოს ტერიტორიების განთავისუფლება მოხდება და მაშინ ის ერთობა, რომელიც ჩვენ შევკარით სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, სხვადასხვა ენებს შორის, სხვადასხვა კულტურებს შორის ამ ერთობამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. იმიტომ, რომ ყველა იარლიყი მოგვაკერა ჩვენმა მტერმა და ვერ მოგვაკერა იარლიყი, რომ ჩვენ ვართ შოვინისტები, ნაციონალისტები ან ეთნიკურ დისკრიმინაციის პოლიტიკას ვეწევით და ვერც ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვაკერებს. იმიტომ, რომ ყველაფერი ეს არის აბსოლუტურად უცხო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ჩემთვის პირადად და მთლიანად ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენი მრავალეთნიკურობა ჩვენი სისუსტე კი არ არის, ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე, ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სიძლიერე. და ამისათვის ჩვენ დამატებით კიდევ გამოვყოფთ ფულს. კულტურის სამინისტროს აქვს მიღებული დავალება იმისათვის, რომ ასეთი პოპულარიზაცია მოხდეს ჩვენი მრავალეთნიკური კულტურის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button