skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ეუთოს მანდატზე შეთანხმება მიღწეული არ არის

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს დარჩენის შესახებ კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის.

”თუ რაიმე შეთანხმება არ იქნება მალე მიღწეული, მომავალ წელს ეუთოს საქმიანობის გაგრძელება საქართველოში საფრთხის ქვეშ იქნება,” – განაცხადა სტუბმა 19 დეკემბერს.

”მოვუწოდებ ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს კონსტრუქციულად განიხილოს ჩვენი წინადადება საქართველოში ეუთოს მისიის მომავლის შესახებ ან სამთვიან ტექნიკურ გაგრძელებაზე მაინც შეთანხმდნენ მომდევნო მოლაპარაკებების უზრუნველყოფის მიზნით,” – დასძინა მან.

საქართველოში ეუთოს არსებული მისიის მანდატი 2008 წლის 31 დეკემბერს იწურება.

მოსკოვი დაჟინებით ითხოვს საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის მოდიფიცირებას. რუსეთის თქმით, საჭიროა ახალი მანდატი მისიისთვის, რომელიც იმ ახალ რეალობებს ასახავს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა. რუსი დიპლომატები მოითხოვენ ცალკე მანდატს ეუთოს საველე ოფისისთვის სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან დამოუკიდებელი იქნება. ამ საკითხის მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას. არსებული მანდატის მიხედვით, ეუთო უფლებამოსილია ჰყავდეს რვა დამკვირვებელი ცხინვალის საველე ოფისში; ეუთომ თავისი პერსონალი ცხინვალიდან აგვისტოს ომის დაწყებისთანავე გამოიყვანა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button