ახალი ამბები

აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვარაუდები

მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაადრევია საუბარი აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ რაიმე კონკრეტული დოკუმენტის არსებობაზე, დეპუტატმა გივი თარგამაძემ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ამგვარი პროექტი უკვე არსებობს.

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან მეთიუ ბრაიზასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაქრაძეს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მან უპასუხა: ”ჩვენ ვისაუბრეთ – ისევე როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ – ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და გაუმჯობესების პერსპექტივაზე. ბუნებრივია არსებობს კონკრეტული გზები, რომლითაც ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მოხდეს ამ ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია; ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ”.  
 
”რაც შეეხება რაიმე ტიპის კონკრეტულ დოკუმენტებს, ალბათ ამაზე საუბარი უბრალოდ ნაადრევი და არარელევანტურია,” – დასძინა ბაქრაძემ.

”მე არაფერი მაქვს დასამატებელი; სპიკერმა მშვენივრად ისაუბრა,” – განაცხადა ბრაიზამ იმავე პრესკონფერენციაზე.

თუმცა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განუცხადა ”რუსთავი 2”-ს, რომ სავარაუდო შეთანხმება ”მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს”. 

”რაც ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი და მნიშვნელოვანია, ის მოიცავს სამხედრო თანამშრომლობის სფეროს. მოიცავს შესაბამისად ჩვენი შეიარაღებული ძალების   შემდგომი აღჭურვისა და განვითარების სფეროს, და ასევე – როგორც არის პროექტში  ფორმირებული მე იმ სიტყვებით ვიტყვი – საფრთხეების ერთობლივი დაძლევისთვის განსაზღვრულ  ყველა ღონისძიებას,” – განაცხადა თარგამაძემ. 

გაზეთი ”24 საათი” იტყობინებოდა 15 დეკემბერს, რომ შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს. ”უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება,” – წერს გაზეთი.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადება.

”საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც შესაძლოა ასევე მოიცავდეს პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობას და მოვუწოდებთ საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს დაუყონებლივ დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა,” – განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ.           

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button