ახალი ამბები

საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატრიარქს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსკოვში ვიზიტით და რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრით რუსეთთან ”დიალოგი განახლდა”. 

ვაშაძემ ეს განცხადება ილია მეორესთან დღეს გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს იმ აზრთან შეგუება, რომ საქართველოს შეუძლია იყოს კარგი პარტნიორი.

”ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შესანიშვანი მეზობელი, ჩვენ ვილაპარაკებთ ყველა თემაზე [რუსეთთან], ერთადერთი თემა რაზეც ჩვენ არ ვილაპარაკებთ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”[პატრიარქმა] სიტყვა-სიტყვით გაუმეორა [რუსეთის პრეზიდენტს] ის, რაც ახლა მე ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს, სხვათაშორის, რუსეთის ფედერაციაში, და ყველა ქართველი არასოდეს არ შეეგუება იმას, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი იყოს საქართველოს მოგლეჯილი”.

”ადრე თუ გვიან ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს,”- განაგრძომან, ”ამის შემდეგ იქნება საშუალება იმისი, რომ რუსეთს  და საქართველოს ჰქონდეთ ნორმალური ურთიერთობა დიპლომატიური, სამეცნიერო კულტურული და ყველანაირი”.

პატრიარქი მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფებოდა. მან შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან. თბილისში დაბრუნებულმა პატრიარქმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ეს ”ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს”.

Back to top button