ახალი ამბები

ეუთო გმობს დამკვირვებლებისთვის ცეცხლის გახსნას

ეუთოს მისიამ საქართველოში მკაცრად დაგმო 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ეუთოს დამკვირვებელთა მანქანისთვის უცნობი თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტი.

”მე კატეგორიულად ვგმობ და ვწუხვარ უიარაღო სამხედრო დამკვირვებლებზე ამ სერიოზული თავდასხმის გამო,” – განაცხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ. ”ამ მიუღებელი ინციდენტის დეტალები ზედმიწევნით იქნება გამოძიებული.”

”ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ საჭიროა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესება რეგიონში და ეუთო კვლავაც განაგრძობს თავის მცდელობებს ამ მიმართულებით,” – დასძინა მან.

10 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პრესისათვის ეუთოს მისიამ ინციდენტის შესახებ რამოდენიმე დეტალი გაახმოვანა.

მისიის თქმით, ინციდენტი სოფელ ქვემო ხვითის დასავლეთით და ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთით მოხდა მაშინ, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი პირი ბუჩქებიდან გადმოხტა და ეუთოს საპატრულო მანქანას, რომელზეც კარგად ჩანდა წარწერა ”OSCE”, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადეს, რომ ცეცხლი სამხრეთ ოსური მხარის და რუსული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნეს.

სამხრეთ ოსურმა მხარემ კატეგორიულად უარყო ინციდენტთან რაიმე კავშირი.

”სამხრეთ ოსურ მხარეს არაფერი აქვს საერთო იმ ინციდენტთან, რომელიც ქართულ სოფელ ქვემო ხვითთან მოხდა,” – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასიევმა.”სოფელი ქვემო ხვითი მდებარეობს სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან კილომეტრ ნახევარში. ცეცხლსასროლი იარაღის სროლის დიაპაზონი – საუკეთესო ცეცხლსასროლი იარაღიც რომ იყოს – არის მაქსიმუმ 800 მეტრი”.

ქართული მხარე ასევე იტყობინებოდა, რომ 10 დეკემბერს დილით ადრე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე  სოფელ ნიქოზთან, ფხვენისის ხიდზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულირებისას აფეთქდა დისტანციური მოწყობილობით დამონტაჟებული მიმართულებითი ნაღმი, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა პოლიციის მანქანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”აღნიშნული ინციდენტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს კონფლიქტია ზონაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის არამდგრადობას და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო და აფხაზეთში, საქართველო საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციების საქმიანობის აუცილებლობას”.

”გამუდმებული პროვოკაციები და ეუთოს მისიის სამხედრო ოფიცრებისა და ევროკავშირის მონიტორთა წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციასა და მის მარიონეტულ რეჟიმებს არ მოსწონთ ოკუპირებულ რეგიონებში ტრანსპარანტულობისა და მიუკერძოებელი მონიტორინგის ჩატარების იდეა, სადაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცედ სწამს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციების ყოფნის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button