ახალი ამბები

პრეზიდენტი განახლებული მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კოორდინირებულად იმუშაონ ევროპასთან დაახლოების, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და შეიარაღებული ძალების  სწორის გზით მშენებლობის მიზნით.

პრეზიდენტმა ეს განცხადება 10 დეკემბერს განახლებული მთავრობის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა.

”პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი,”- მიმართა მან მინისტრებს, ”ჩვენ გვიხდება მსოფლიო უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პირობებში და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ბრძოლის პირობებში, ამავე დროს რამდენიმე მთავარი ამოცანის გადაწყვეტა”.

”ახალი დანიშვნები მინისტრთა კაბინეტში ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა და მთავრობა ბევრად უფრო უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ინსტიტუტებს, დავუახლოვდეთ ევროპას, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და სწორი გზით წარვმართოთ შეიარაღებული ძალების მშენებლობა და რეფორმა,”- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ამ ამოცანების შესასრულებლად საჭირო სამი კრიტერიუმი დაასახელა.

”ეს არის კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა ერთმანეთთან, ეს არის საკითხების ღრმა ცოდნა და ჩაღრმავება და ეს არის მუდმივი ურთიერთქმედება ჩვენს ხალხთან, ჩვენს საზოგადოებასთან,”- განაცხადა მან, ”ამოცანები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ კრიტერიუმების პირობებში მთლიანად თავს გავართმევთ ამ ახალი ამოცანების სათანადოდ შესრულებას”.

5 და 9 დეკემბერს მთავრობაში განხორციელებული საკადრო გადაადგილებების შედეგად დაინიშნენ ახალი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე; ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია; კულტურის მინისტრი ნიკა რურუა; და განათლების მინისტრი ნიკა გვარამია. ეს ცვლილებები განხორციელდა ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდეგ, ნოემბრის საკადრო გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე მინისტრი შეიცვალნენ.

”ჩვენ როგორც შევთანხმდით პრემიერთან [გრიგოლ მგალობლიშვილთან], რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა, ჩვენ ვაპირებდით გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობის  ფუნდამენტურ განახლებას, ახალი სისხლის გადასხმას,”- განაცხადა პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე, ”მე ვფიქრობ ეს ახლა განხორციელდა საკმაოდ უპრეცედენტო მასშტაბით. ჩვენ ბევრი საინტერესო ახალი მინისტრი გვყავს და მე მინდა ყველას ვუსურვო წარმატებები მუშაობაში”.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი კვლავ ვაკანტური რჩება. გრიგოლ მგალობლიშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი კახა ლომაია საქმიანობას დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ რომელ ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაიგზავნება ლომაია ელჩად. ქართული მედიის ვარაუდით, შესაძლოა ეს იყოს აშშ-ში ან გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა. ორივე ეს პოსტი უკვე ვაკანტურია მას შემდეგ, რაც გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 4 დეკემბერს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა, ხოლო აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ მას აქვს შემოთავაზება სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურის გაგრძელების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ამ წინადადებას ჯერ კიდევ განიხილავს. მან წინადადების დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარს თავი აარიდა.

10 დეკემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის გავლენიანი ფიგურა გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.  ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის რანგში გრიგოლ ვაშაძემ ყველა მოადგილეს და ელჩს მოუწოდა დაეწერათ განცხადებები თანამდებობების დატოვების შესახებ. მისი მოადგილის თანამდებობა ასევე შეინარჩუნა ნინო კალანდაძემ, ხოლო კიდევ ერთი მოადგილის ადგილი დაიკავა დავით ჯალაღონიამ, რომელიც სამინისტროში ევროატლანტიკურ მიმართულებას გაუწევს კურირებას.

Back to top button