ახალი ამბები

მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში

მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაცვის ახალი მინისტრი დავით სიხარულიძე; ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია; და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა.

მინისტრთა კაბინეტში ორი ვაკანტური თანამდებობა შეივსო და ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა ბოლო ცვლილებების შედეგად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა 9 დეკემბერს დილით გამოაცხადა.

დავით სიხარულიძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. სიხარულიძე აშშ-ში საქართველოს ელჩი იყო, ხოლო დიპლომატიურ სამსახურში წასვლამდე თავდაცვის მინიტრის მოადგილედ მუშაობდა.

გავლენიანი დეპუტატი ნიკა რურუა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად დაინიშნა. ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში რურუა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. კულტურის მინისტრობა თავდაპირველად საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში ზურაბ აბაშიძეს შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა ამ თანამდებობაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ ეკონომიკის მინიტრის თანამდებობაზე ეკა შარაშიძე შეცვალა.

შარაშიძე ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაბრუნდა  – ეს პოსტი მას გამინისტრებამდე ეკავა.

5 დეკემბრიდან მთავრობაში ორი ადგილი იყო ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაითხოვეს და კულტურის ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინიტრად დანიშნეს, რომელმაც ეკა ტყეშელაშვილი შეცვალა.

უკანასკნელი ცვლილებები განხორციელდა 39 დღის შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტს ახალი პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში და რამდენიმე მინისტრიც შეიცვალა.

”მე მქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საქართველოს მთავრობის გუნდის შემდგომი გადახალისების საკითხთან დაკავშირებით,”- განაცხადა პრემიერმა მგალობლიშვილმა ბრიფინგზე, ”მნიშვნელოვანია ჩვენ შევძლოთ თანმიმდევრულად ყველა იმ დასახული ამოცანის შესრულება, რომელიც ჩვენ დავპირდით ხალხს და შევძლოთ თანმიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები 18-თვიანი გეგმის შესასრულებლად, რაც საბოლოოდ გამოიყვანს ქვეყანას იმ კრიზისიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად”.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button