
საქართველოს ოფიციალური პირები მიესალმებიან ნატოს გადაწყვეტილებას
საქართველოს ოფიციალური პირები დადებითაც აფასებენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების გზით ხელი შეუწყონ საქართველოში რეფორმებსა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას.
”ჩვენ მოვახერხეთ წინ გადაგვედგა ნაბიჯი,”- განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს, ”ეს არ არის MAP-ი (წევრობის სამოქმედო გეგმა), მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ამ მოქმედების გეგმისა, რომელიც გვაახლოებს ნატოსთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ის არსებითი და მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ჰქვია რეფორმები ყველა სფეროში იქნეს გატარებული სწორედ ნატოს სტანდარტების შესაბამისად”.
ბრიუსელში შეკრებილმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გაზარდონ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს კომისიის გაძლიერების გზით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 2 დეკემბერს, ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისია მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს ინტეგრაციის პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოსთან ყოველწლიურ გეგმაში აისახება ყველა ის პუნქტი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ამ გეგმის შესრულებას ზედამხედველობას ნატო-საქართველოს კომისია გაუწევს, მათ შორის ყოველწლიური შეფასებითი ანგარიშების წარმოდგენის გზით.
”ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, დაფასდა ჩვენი ძალისხმევა და მიმართულება განვითარდეს სახელმწიფო დემოკრატიულად და მეორე, რაც მთავარია, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი როგორ ღია აგრესიასაც არ უნდა გამოხატავდეს, ვერ აღუდგება წინ ალიანსთან დაახლოების პროცესს,”- განაცხადა კალანდაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)