ახალი ამბები

ნატოს მინისტერიალი საქართველოზე იმსჯელებს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 2-3 დეკემბერს ბრიუსელში საქართველოს და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

სავარაუდოდ, მინისტერიალზე მოხდება ალიანსის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გამყარება, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყანა ოდესმე გახდება ნატოს წევრი; თუმცა განხილვების დროს ალბათ გამახვილდება ყურადღება იმაზე, თუ რა ტიპის პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ალიანსმა ამ ეტაპზე, რათა საქართველო და უკრაინა წევრობისკენ მიმავალ გზაზე დააყენოს.

1999 წლიდან მოყოლებული ნატოს წევრობის მსურველმა ქვეყნებმა ალიანსში გასაწევრიანებლად ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა განახორციელონ. 2008 წლის აპრილში გამართულმა ნატოს ბუქარესტის სამიტმა დაავალა წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს განიხილონ საქართველოს და უკრაინის ალიანსის სტანდარტებისკენ წინსვლა და MAP-ის შესახებ გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღონ.

მაშინ როცა ნატოს რამდენიმე წევრი სახელმწიფო ორი ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია, აშშ და ბრიტანეთი ალტერნატიული წინადადებით გამოდიან, რომელიც, სავარაუდოდ, ითვალისწინებს მეტი უფლებამოსილების მინიჭებას იმ ორი კომისიისთვის, რომელიც ალიანსს  შექმნილი აქვს უკრაინასთან (1997 წლიდან) და საქართველოსთან (2008 წლის სექტემბრიდან).

”ჩვენ გვაქვს უკრაინისა და საქართველოს კომისიები,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 1 დეკემბერს ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგასთან დევიდ მილიბენდთან შეხვედრის შემდეგ.

”და ჩვენ გვჯერა, რომ ეს კომისიები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყნების მომზადებას ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის,” – განაცხადა მან. 

”ჩვენ მტკიცედ გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ნატოს წევრობისთვის და შეუძლიათ აიღონ პასუხისგებლობები ამ კუთხით, მიღებული უნდა იქნან ამ ორგანიზაციაში. თუმცა, საქართველომ და უკრაინამ გრძელი გზა უნდა გაიარონ ამ სტანდარტების მისაღწევად. და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ამ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზის შემოკლებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს,”- აღნიშნა რაისმა. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 26 ნოემბერს განუცხადა გერმანიის პარლამენტს, როგორც ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იტყობინება, რომ ალიანსს არ გააჩნია რაიმე მიზეზი ამ ეტაპზე იმაზე წინ წაიწიოს, ვიდრე ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 1 დეკემბერს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ნატო დათანხმდება საქართველოსთვის ისეთი მექანიზმის მინიჭებაზე, რომელიც ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

"ნატოში ბევრი ქვეყანა გაწევრიანდა სხვა მექანიზმების გამოყენებით და თუ ალიანსი მზადაა საქართველოსთვისაც გაიმეოროს ეს გზა და MAP-ის გვერდის ავლით, რომელიც ზედმეტად პოლიტიზირებული ინსტიტუტი გახდა, მოხდეს ალიანსში გაწევრიანება, ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და მზად ვართ აღნიშნულთან დაკავშირებით გავაგრძელოთ მუშაობა როგორც მეგობარ, ასევე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან,”- განაცხადა 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ”ჩვენ ველით ამ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად საქართველო მიიღებს მთავარს – ეს არის ნატოში გაწევრიანების განგრძობადი პროცესი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button