ახალი ამბები

სააკაშვილი: “ვარდების რევოლუციის” ყველა დაპირება არ შესრულდა

ვარდების რევოლუციის ხუთი წლის იუბილის წინ საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ ყველა მოლოდინი არ გამართლდა და დასძინა, რომ “ჩვენი რევოლუცია გაგრძელდება”, სანამ არ შესრულდება მთავარი ამოცანები.

“მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის აცხადებს და აღიარებს, რომ ”ვარდების რევოლუციამ” არ გაამართლა ყველა მოლოდინი და იმედი, რადგანაც ჩვენი მოლოდინები და იმედები ყოველთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებელია, რომ განხორციელდეს,” – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ “შესაძლოა, მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი” ბოლო ხუთი წლის მანძილზე.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა აგვისტოს ომის შესახებ და პირველად აღიარა საჯაროდ, რომ “რუსეთის აგრესიამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაართულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”.

“ჩვენ გავხვდით მსოფლიოს უმსხვილესი აგრესორის მთავარი სამიზნე,” – განაცხადა სააკაშვილმა. “ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორი უზარმაზარი ბოროტების იმპერია გვიპირისპირდება”.

“თუმცა აგრესორმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს,” – განაცხადა მან. “მათი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევა და ჩვენ არ უნდა მოვეშვათ, რადგანაც ქართული სახელმწიფო და ქართული დემოკრატია კვლავ რჩება მათი სამიზნე… აგრესორმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ საქართველო გადარჩება და გაძლიერდება, მის ოკუპაციას არ აქვს რაიმე შანსი და რაიმე მომავალი”.

“მიუხედავად სირთულეებისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ძალა დავდგეთ ერთად, გადავლახოთ ეს წარმოუდგენელი ბარიერი და განვაგრძოთ წინსვლა, რათა დავამარცხოთ იმპერია და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულეებისა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ერთი რამ არის ნათელი – საქართველო ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო”.

“ხუთი წელია ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, უკეთესი გზები, უკეთესი სკოლები, უკეთესი საავადმყოფოები, უფრო მეტი სამუშაო ადგილები და ჩვენ გვყავს პოლიცია, რომელსაც ვენდობით და პატივს ვცემთ,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და უმუშევრობა კვლავ უზარმაზარ პრობლემად რჩება.

“მიუხედავად იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გვქონდა, ჩვენი რევოლუცია არ დასრულდება, სანამ არ იქნება სამუშაო ადგილები თითოეული ქართველისთვის, რომელსაც მუშაობა უნდა, სანამ არ გვექნება მეტი პროგრესი სიღარიბის დაძლევაში,” – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის ხუთი წლის იუბილის აღნიშვნის სანაცვლოდ, საქართველოს სჭირდება “სიმამაცის, მოთმინების და ერთობის” დემონსტრირება, ასევე სოლიდარობის გამოჩენა მათ მიმართ, ვინც ყველაზე მეტად იზარალეს აგვისტოს ომის შედეგად. 

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ საქართველო გადაიქცეს “სრულიად თავისუფალ და ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც სიტყვის თავისუფლება გარანტირებული იქნება პრაქტიკაში და არა მხოლოდ კანონით”.

Back to top button