ნატოს პარლამენტარები ომის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
18 ნოემბერს ვალენსიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას, რათა გამოაშკარავდეს მოვლენეთა ის ჯაჭვი, რამაც აგვისტოს ომი გამოიწვია.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ”ძალის არაპროპორციულ გამოყენებას”, ”სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკურ წმენდას” და ”რუსეთის მიერ ცეცხლის შემწყვეტის შეთანხმების სრულად არ შესრულებას და მის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას”.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფაქტები, რომლებიც უკავშირდება ომის დაწყებას, არ ყოფილა დასაბუთებულად დადგენილი ობიექტურ წყაროებზე დაყრდნობით. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ”რუსეთის ფედერაციის და საქართველოს ფართო თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა გამოძიების დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად”.
აღნიშნავს რა, რომ 2008 წელს ქართულ სოფლებზე სამხრეთ ოსეთის შიგნით არსებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები სერიოზულ პროვოკაციას წარმოადგენს, რეზოლუცია ასევე ამბობს, რომ ასამბლეა ”იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალით უპასუხა, რამაც ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას”.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ”ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან სრულად დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები” და ასევე შესთავაზონ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). თუმცა, რეზოლუცია კონკრეტულად არ მოუწოდებს საქართველოსთვის MAP-ის დეკემბერში მინიჭებას. სწორედ დეკემბერში გეგმავენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხის განხილვას.
კიდევ ერთ რეზოლუციაში, რომელიც ასევე 18 ნოემბერს იქნა მიღებული, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ”განაახლონ რუსეთთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში, კერძოდ კი სამხედრო სფეროში… ეს პარტნიორობა უნდა დაეფუძნოს საერთო ღირებულებებს, კერძოდ, სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობს პატივისცემას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 18 ნოემბერს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსი არ გააკეთებს არჩევანს რუსეთთან კარგ ურთიერთობასა და ნატოს შემდგომ გაფართოებას შორის.
”ჩვენ ერთს ვერ გავიღებთ მსხვერპლად მეორეს სანაცვლოდ,” – განაცხადა მან, ”რადგანაც ამის გაკეთება ახალი გამყოფი ხაზების გავლების ტოლფასი იქნება. სანდო ნატო-რუსეთის ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობისაა – გზა ევროპული და რა თქმა უნდა, გლობალური უსაფრთხოებისკენ. ამიტომაც, მთავარი პრინციპები ჩვენი პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში – კონსტრუქციული ჩართვის პოლიტიკა – კვლავ ძალაში რჩება. კავკასიის კონფლიქტის შემდეგ, რუსეთთან ვეღარ იქნება ჩვეული ურთიერთობები და ჩვენ სერიოზულად უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობებს. თუმცა ”ჩვეული ურთიერთობების არქონა” მაინც ნიშნავს ”ურთიერთობას”, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)