ახალი ამბები

Amnesty International-ი ომის მონაწილე ყველა მხარეს აკრიტიკებს

Amnesty International-მა განაცხადა თავის ანგარიშში, რომ მისი წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოპოვებული მასალები მკაფიოდ მიუთითებს, რომ აგვისტოს ომის დროს ”საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი ყველა მხარის მიერ”.

”Amnesty International-ი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ აშკარად განურჩეველი თავდასხმების გამო, რასაც მოყვა მსხვერპლი და დაზიანებები მოსახლეობაში, ასევე ისეთი სამოქალაქო ობიექტების მნიშვნელოვანი დაზიანებები, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები და სახლები,” – განაცხადა ორგანიზაციამ 69-გვერდიან ანგარიშში, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა.    

ანგარიში  – “სამოქალაქო პირები ცეცხლის ხაზზე: ქართულ-რუსული კონფლიქტი”  – მომზადდა ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის, გორის და სხვა, მაგრამ არა ყველა, მიმდებარე ქართულ და ოსურ სოფლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე კონფლიქტის თვითმხილველ მოქალაეებთან ინტერვიუების საფუძველზე. 

თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა ყველა მხარის მიერ ინფორმაციის სრული გახსნილობა რათა მოხდეს სრულყოფილი გამოძიება ”სანამ გაკეთდება რაიმე კონკრეტული დასკვნები იმ პირთა პასუხისმგებლობის ფორმის და ხარისხის შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მართავდნენ სამხედრო ოპერაციებს”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ომი თავიდანვე ”ხასიათდებოდა დეზინფორმაციით, ბრძოლის მასშტაბების და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაზვიადებით და ზოგჯერ ერთი და იგივე მოვლენის ურთიერთგამომრიცხავი შეფასებით”.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცხინვალში მოკლულთა რაოდენობა დაახლოებით 1 500-დან 2 000-მდე იყო, მაგრამ მოგვიანებით რუსულმა წყაროებმა ”საგრძნობლად შეამცირეს” მსხვერპლის რაოდენობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 12 ოქტომბერს Amnesty International-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის 159 სამოქალაქო პირის გარდაცვალების ფაქტი იყო აღრიცხული. 

ანგარიშის თანახმად, ცხინვალში ძირითადი განადგურება გამოიწვია ”გრადის” ტიპის ჭურვებმა, ”რომელთა სიზუსტით გაშვებაც, როგორც ცნობილია, რთულია”. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადგილზე შეგროვილი მტკიცებულებების თანახმად, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ”განურჩეველი შეტევა” განახორციელეს 7 აგვისტოს ღამით ცხინვალზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ”გრადის” ტიპის რაკეტების სამიზნე ცხინვალში არსებული სამი კონკრეტული ობიექტი იყო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ Amnesty International-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ასეთი სამიზნე იყო ”ვერხნი გოროდოკი,” რომელიც ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს და სადაც რუსი სამშვიდობოები იყვნენ განთავსებულნი. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საარტილერიო ცეცხლი ქართული სოფლების მიმართულებით იხსნებოდა სწორედ ამ ტერიტორიიდან, მიუხედავად თბილისის მიერ რუსი სამშვიდობოების მრავალი გაფრთხილებისა, რომ არ დაეშვათ მათი პოზიციების გამოყენება თავდასხმებისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ”გრადი” გამოყენებულ იქნა ცხინვალის დასავლეთით მდებარე საბრძოლო მასალის და საწვავის საცავების გასანადგურებლად და ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამხედრო ყაზარმების დასაბომბად.

”ყველა ეს ადგილი ცხინვალის გარეუბანში მდებარეობს და დასახლებული ადგილების სიახლოვესაა განთავსებული,” – ნათქვამია ანგარიშში, ”ბევრი ჭურვი, რომელიც ასცდა სამიზნეს, დაეცა დასახლებულ ადგილებში, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა კერძო სახლები”.

მართალია ანგარიში აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა, შესაძლოა, დაარღვიეს ჟენევის კონვენცია სამხედრო დანადგარების დასახლებულ პუნქტებში ან მათ სიახლოვეს განთავსებით, მაგრამ ”Amnesty International-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში სამიზნეები შეარჩიეს მოძველებული და არაზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე.”

სატელიტური მონაცემების ანალიზის საფუძველზე Amnesty International-მა ცხინვალში სულ 182 დაზიანებული შენობის იდენტიფიცირება მოახდინა. ორგანიზაციის ვარაუდით, ყველაზე მეტი დაზიანება ქალაქში ქართული ძალების მიერ ცხინვალის თავდაპირველ დაბომბვას მოყვა.

რაც შეეხება რუსულ თავდასხმას, ანგარიში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აცხადებს, რომ რუსულმა საჰაერო ძალებმა საქართველოს ტერიტორიის 75-ზე მეტი დაბომბვა განახორციელეს, მათ შორის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიის მიღმა.

”საქართველოს მიერ ცხინვალის და მისი შემოგარენი ოსური სოფლების დაბომბვის მსგავსად, რუსეთის მიერ დასახლებული ადგილების დაბომბვა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ’ხალიჩისებრი დაბომბვა’,” – ნათქვამია ანგარიშში, ”უმეტესად დაბომბვების დროს სამიზნეებს დაუსახლებელ ადგილებში ქართული სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა”.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საჰაერო თავდასხმები მოქალაქეებზე და სამოქალაქო ობიექტებზეც განხორციელდა ისე, რომ ახლომახლო სამხედრო სამიზნეები არ არსებობდა.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას მიეწოდებინა ინფორმაცია ამ თავდასხმების სავარაუდო სამიზნეების შესახებ, თუმცა ამ საკითხზე რუსეთს პასუხი არ გაუცია.

ქართველ დევნილებთან ინტერვიუების საფუძველზე, ანგარიში აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები ”საერთო ჯამში იქცეოდნენ დისციპლინირებულად და კარგად ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში”.

თუმცა, ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა რუსული ძალების უმოქმედობას მაშინ, ”როდესაც სამხრეთ ოსური შეიარაღებული დაჯგუფებები, უკანონო ფორმირებები და შეიარაღებული პირები ძარცავდნენ და ანადგურებდნენ ქართულ სოფლებს და ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფდნენ იქ დარჩენილ მოსახლეობას.”

”Amnesty International-მა შეაგროვა ინფორმაცია მკვლელობების, ცემის, მუქარის, გადაწვის და მარადიორობის ფაქტების შესახებ, რომელსაც სამხრეთ ოსურ მხარესთან ასოცირებული შეიარაღებული ჯგუფები ახორციელებდნენ და რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების აშკარა თანხმობით მოქმედებდნენ,” – ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაკვორსმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ დაახლოებით 20 000 ქართველს კვლავ არ აქვს შესაძლებლობა დაუბრუნდეს თავიანთ სახლებს სამხრეთ ოსეთში.

”სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ ახალი, გაურკვევლობის ზონა შეიქმნა, სადაც ხალხი საფრთხეშია. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მარადიორობის, სროლების, აფეთქებების და გატაცებების თაობაზე,” – განაცხადა მან, ”საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ უფლება შევიდნენ ყველგან, ხოლო მხარეებმა უნდა გააძლიეროს მცდელობები, რათა უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button