skip to content
ახალი ამბები

ძმათა სასაფლაოზე კიდევ 10 უცნობი ქართველი ჯარისკაცი დაკრძალეს

აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 10 ამოუცნობი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა მუჯირის განცხადებით, ცხედრები ქართულ მხარეს 16 ნოემბერს რუსულ და ოსურ მხარეებთან მოლაპარაკებების შედეგად გადმოეცა. მისი თქმით,  ქართულმა მხარემ რუსი პილოტის გვამი გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მათთვის რუსი პილოტის გვამის გადაცემის ფაქტი. ”ეს არ შეესაბამება სიმართლეს,”- განუცხადა ”ინტეფაქსს” 18 ნოემბერს საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ვლადიმერ დრიკმა.

5 ნოემბრის მონაცემებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, საბრძოლო მოქმედებების დროს სულ 144 ჯარისკაცია დაღუპული, რომელთა ვინაობაც გარკვეულია და 25 ითვლება დაკარგულად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button