ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია 7 ნოემბრის აქციის ინიციატორი არ არის – უსუფაშვილი

რესპუბლიკელები პარტიის სახელით 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პარტიის წევრები თავისუფალი არიან არჩევანში შეუერთდნენ მანიფესტაციას, განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია  ”აქციის ორგანიზატორთა და ინიციატორთა შორის” არ არის და მას განსხვავევული ხედვა ჰქონდა აქციის ფორმატთან დაკავშირებით, ”მაგრამ ჩვენ პატივის ვცემთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას ამ აქციის მოწყობის თაობაზე იმ ფორმით და იმ დატვირთვით, რომელიც მათ განიზრახეს”.

ხელისუფლების მიერ საპროსესტო აქციების დარბევის ერთი წლისთავის აღსანიშნავად 7 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებისაკენ ერთი თვის წინ ოპოზიციონერმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა. ამ ინიციატივას შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეები, ხალხის პარტია, კონსერვატორები, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ლეიბორისტები.

ოპოზიციონერთა განცხადებით, აქცია პარლამენტის შენობის წინ 7 ნოემბერს 14 საათზე დაიწყება და პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მანიფესტაციით დასრულდება.  გაჩეჩილაძის განცხადებით, ამით დაიწყება პროტესტის მეორე ტალღა, რომელიც ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას ისახავს მიზნად.

4 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის სურვილია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ”მედია გათავისუფლდეს სახელისუფლებო წნეხისაგან”. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

Back to top button