
აჭარის უმაღლესი საბჭო, წინასწარი მონაცემებით, ორპარტიული იქნება
აჭარის უმაღლეს საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე ექვსი პოლიტიკური სუბიექტიდან მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ და გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებმა გადალახეს 5%-იანი ბარიერი.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მმართველმა პარტიამ ხმათა 78.82%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა – 14.71% მოიპოვეს.
2% და ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს: ჩვენ თვითონ, ქართული დასი, მრეწველები და ერთიანი კომუნისტური პარტია. ეს მონაცემები ეყრდნობა 334-დან 328 (მათ შორის 3 უბნის შედეგი გაუქმდა) უბნის დათვლის შედეგებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარულ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმ ხუთი ოლქის (ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო) წინასწარი მონაცემებით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს ხელვაჩაურის ოლქში.
3 ნოემბრის არჩევნებზე აჭარელი ამომრჩევლის 44.9%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა.
18 წევრიდან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება. დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ. საარჩევნო ბარიერი 7%-დან 5%-მდე შემცირდა.
ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს აჭარის არჩევნებს ისევე, როგორც მათ მონაწილეობა არ მიიღეს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა ასევე მმართველმა პარტიამაც.
3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაკის რაიონში ხმათა უმეტესობა დააგროვა ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა თამაზ კვაჭანტირაძემ, ხოლო დიდუბეში დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე.
თუ ცესკოს ეს წინასწარი მონაცემები არ შეიცვლება, პარლამენტში მეშვიდე წევრი დაემატებათ ქრისტიან-დემოკრატებს, ხოლო ედპ, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს წევრია, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ისევ წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში, სადაც მას მხოლოდ ერთი დეპუტატი ეყოლება.
ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ვაკეში 7.6%, ხოლო დიდუბეში 11.4%-ს შეადგენდა. კანონით არ დგინდება ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს.