ახალი ამბები

7 ნოემბრის აქციაზე ოპოზიცია ”იმედის” კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას მოითხოვს

ტელეკომპანია ”იმედის” კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 7 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე.

ამის შესახებ დღეს კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ტელეკომპანია ”იმედის” წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 ოქტომბერს გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ ააქტიურებენ ”იმედის” დასაბრუნებლად სამართლებრივი გზით ბრძოლას. თუმცა ოჯახმა ამ ქმედების უკან ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია უარყო.

პატარკაციშვილის ნათესავმა ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ მან მარტში ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები შეისყიდა და უარყო ამ გარიგებასთან ხელისუფლების რაიმე კავშირი. თუმცა პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ქეიმ მათი სურვილის წინააღმდეგ უკანონოდ ჩაიგდო ხელში ტელეკომპანია.

”ხელისუფლებას გონია, რომ იმ მანიპულაციებით, რომელიც მან ჩაატარა, ეს ტელეკომპანია ჩაიდო ჯიბეში და დაამთავრა ამით ”იმედთან” ურთიერთობა,”- განაცხადა ძიძიგურმა. ”ჩვენ ვაცხადებთ – სანამ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში არსებობს, ცოცხალი თავით არ დავანებებთ ”იმედს”.

7 ნოემბრის მიტინგზე მონაწილეობის მიღებაზე, რომლის ძირითადი მოტივაციაა საპროტესტო აქციების დარბევის ერთი წლისთავის აღნიშვნა, თანხმობა უკვე განაცხადეს კონსერვატორებმა, ხალხის პარტიამ, ლეიბორისტებმა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა.

Back to top button