ახალი ამბები

სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთს მოიცავს. კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება კონფლიქტამდე თბილისის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაზე, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებსა და ახალგორის რაიონზე, ასევე საჩხერის რაიონის სოფელ პერევზე, სადაც ჯერ კიდევ დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი.

კანონი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  თავისუფალ  გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვებს.

კერძოდ, კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან.

დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა უცხოელი მოქალაქეებისთვის ”ყველა სხვა მიმართულებიდან” – რუსეთის ჩათვლით, ”ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით”. თუმცა, კანონში ასევე ჩამოთვლილია ის ”განსაკუთრებული შემთხვევები”, რომლის დროსაც სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა არ ჩაითვლება უკანონოდ. კანონის თანახამდ, ”სპეციალური ნებართვა” შესაძლოა გაიცეს” იმ შემთვევაში, თუ ”ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს”.

კანონი ასევე კრძალავს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას (სამეწარმეო ან არასამეწარმეო), თუ ამგვარ საქმიანობას სჭირდება ნებართვა, ლიცენზია ან რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ის ასევე კრძალავს საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, აგრეთვე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვას;  ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და ფულად გადარიცხვებს.

თუმცა, კანონში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ნებართვით, თუ ”ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს”. 

თუმცა, კანონის იმ დებულებას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ეხება უკუქმედების ძალა აქვს და ეხება ყველა იმ გარიგებას, რომელიც 1990 წლიდან მოყოლებული შედგა.

კანონში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია – სახელმწიფო, ”რომელმაც განახორციელა სამხედრო ოკუპაცია” – მთლიანადაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დოკუმენტის თანახმად, ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრება რუსეთის ფედერაციას”.

კანონი ძალაშია სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

კანონში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლების წარმომადგენლები ”უკანონოდ” არიან მიჩნეული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button