ახალი ამბები

ოპოზიცია დონორებს მიმართავს დემოკრატიზაციაზე გააკეთონ აქცენტი

ქართველი პოლიტიკოსების ჯგუფმა მოუწოდა 22 ოქტომბერს ბრიუსელში შეკრებილ საერთაშორისო დონორებს საქართველოსთვის ომისშემდგომი რესკონტრუქციისთვის გათვალისწინებული სახსრები ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს დაუკავშირონ.

ხუთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა – ლევან გაჩეჩილაძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა და კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ, ასევე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ერთობლივი ღია წერილი გაუგზავნეს ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ჩამოყალიბებულია ის ”ეფექტური მექანიზმები”, რომლებიც, მათი აზრით, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს დაეხმარება. 

წერილში პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისინი არავითან შემთხვევაში არ უგულებელყოფენ რუსეთის მიერ საქართველოში ”უპატიებელ” და ”უკანონო შემოჭრას”, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ისინი ”აცნობიერებენ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც, რომელიც პროვოკაციას წამოეგო და დაიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალში, რამაც რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გამოიწვია”.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ამ ტრაგიკული ომის დასასრულებლად, დაგვეხმარება არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტრაგედიის და დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობის მოგვარებაში, არამედ ისეთი ეფექტური მექანიზმის შექმნაშიც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ანალოგიური ტრაგედია მომავალში აღარ განმეორდეს,” – ნათქვამია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ უცხოური დახმარება კონკრეტული მიზნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური ზარალის ლიკვიდაციისთვის ”და არა რეჟიმის გასაძლიერებლად”.

”ნებისმიერი სხვა სახსრები, რაც დარჩება, მიმართული უნდა იყოს დემოკრატიზაციის კონკრეტული პროგრამების მხარდაჭერისკენ, რადგანაც სწორედ დემოკრატია არის ერთადერთი ეფექტური გარანტია სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ და სწორედ დემოკრატიის ნაკლებობაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა [აგვისტოში],” – ნათქვამია წერილში.

”ფინანსური დახმარება უნდა განხორციელდეს პირდაპირი არხებით და უაღრესად გამჭირვალედ, ასევე მკაცრი კონტროლის მექანიზმის გამოყენებით და უნდა გამორიცხავდეს უპირობო დაფინანსებას,” – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების თქმით, მედიის, სასამართლო სისტემის თავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება პრიორიტეტულია დემოკრატიზაციის პროცესისთვის.

მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, პოლიტიკოსებმა ”საერთაშორისო მონიტორინგის მისიის” უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

”ამგვარმა მისიამ უნდა შეძლოს შეამოწმოს და გაეკონტროლოს მედიის დამოუკიდებლობა, საეთერო დროის განაწილება, ლიცენზიების გაცემა, საკუთრების უფლებები და მფლობელობის გამჭირვალობა,” – ნათქვამია წერილში.

ამ კონტექსტში წერილი ასევე მოუწოდებს ”ტელეკომპანია იმედის კანონიერი მფლობელობის აღდგენისკენ”.

სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, წერილი შეიცავს ინიციატივას  ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის ახალი ფორმატით განახლების თაობაზე. კერძოდ, წერილი სთავაზობს, რომ მისია გადავიდეს ამ სისტემის ”ფუნქციონირების უფრო პირდაპირი კონტროლის” მეორე ფაზაზე.
 
საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, წერილის ავტორები მოუწოდებენ მთელი სისტემის ადმინისტრირების განხორციელებისკენ ”საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პირდაპირი ზედამხედველობის და მონიტორინგის განხორციელების გზით, მათ შორის უცხოელი ექსპერტების გამოგზავნით რათა მათ ადმინისტრირება გაუწიონ ცენტრალური საარჩევნო კომისიას”.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მკაცრი პირობების დაყენება უაღრესად მნიშვნელოვანია, ”რათა ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ სიტყვიერი განცხადებები არ კმარა და აუცილებელია შესაბამის მოქმედება.”

70-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იქნა მიწვეული ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე, რომელიც ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის თანათავმჯდომარეობით იმართება.

ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, რომელიც კონფერენციას თანათავმჯდომარეობს, 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი კონფერენციას წარუდგენს ევროკომისიის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს საქართველოსთვის 500 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ზრდისა და სტაბილიზაციისკენაა მიმართული  –  ეს არის ”ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართელოს ეკონომიკაში ნდობის აღდგენას”. 

მან იქვე დასძინა: ”მნიშვნელოვანია, რომ კრიზისმა არ შეუცვალოს გეზი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მცდელობებს, რაც ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზაფხულის ომამდე იყო”.  

საჭიროებათა შემფასებელმა მისიამ, რომელმაც მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ საქართველოს 2.38 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის, სოციალური სექტორის მხარდასაჭერად და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. Transparency International-მა 21 ოქტომბერს საჭიროებათა შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება მოითხოვა.

აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს საქართველოსა და კავკასიის ფორუმის დირექტორმა  დევიდ ფილიპსმა 22 ოქტომბერს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საერთაშორისო დონორებს შეუძიათ დახმარების აღმოჩენა  საქართველოს მმართველობის და დემოკრატიზაციის განვითარებაში ”თუ დაჟინებით მოითხოვენ გამჭირვალობის, ანგარიშგების და პირობითობის მკაცრი სისტემების უზრუნველყოფას”.

”ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია უცხოური დახმარების ნაკადის გაკონტროლებით და რეკონსტრუქციისთვის გათვალისწინებული სახსრების დემოკრატიზაციის პირობებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან.   

Back to top button