
სარკოზი რუსეთ-საქართველოს ომზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა 21 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპარლამენტარებს განუცხადა:
• აშშ-ს განსხვავებული პოზიცია ქონდა;
• თბილისის ქმედებები შეუსაბამო იყო;
• რუსეთის რეაქცია – არაპროპორციული;
• რუსეთს გამიზნული ჰქონდა სააკაშვილის ჩამოგდება.
რუსეთის ”რეაქცია” საქართველოს ”არამართებულ ქმედებებზე” სამხრეთ ოსეთში ”არაპროპორციული” იყო, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 21 ოქტომბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას.
სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეა, ევროპარლამენტარების წინაშე თავისი გამოსვლა დაიწყო იმაზე საუბრით, თუ რა გააკეთა საფრანგეთმა საქართველოში აგვისტოს ომის შესაჩერებლად.
”ჩვენ ვიხილეთ ომი, სადაც იყო აბსოლუტურად არაპროპორციული რეაქცია რუსების მხრიდან,” – განაცხადა მან. ”და მე ვიყენებ ამ სიტყვას – არაპროპორციულს – რადგანაც არაპროპორციული იყო ისეთი შეჭრა, როგორც ეს რუსებმა გააკეთეს საქართველოში”.
”და მე ასევე ვიყენებ სიტყვას ”რეაქცია”, რადგანაც [რუსეთის] რეაქცია იყო არაპროპორციული, რადგანაც მას წინ უძღოდა არამართებული ქმედება, და ევროპა სამართლიანი უნდა იყოს. ევროპამ არ უნდა შეიკავოს თავი იდეოლოგიური ჩარჩოებიდან გამოსვლისგან, როცა საქმე მშვიდობის გზავნილის გავრცელებას ეხება”.
სარკოზიმ ანალოგიური განცხადება 8 ოქტომბერსაც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე ”შეცდომა” იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთის პასუხი ”არაპროპორციული” იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს ქმედების ”შეცდომად” შეფასება ”არასწორია”. ”ამგვარი ფორმულირება, რომ ეს შეცდომა იყო – ვიც მიერაც არ უნდა იყოს ეს [შეფასება] გაკეთებული – არასწორია და ნებისმიერ გამოძიებას შეუძლია ამის დადასტურება,” – განაცხადა მან 8 ოქტომბერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სწრაფად ჩაერია კონფლიქტის მოსაგვარებლად და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართა მოლაპარაკებები. მისი თქმით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იყო ”სრულყოფილი”, თუმცა იქვე დასძინა რომ ამ შეთანხმებამ ომის დასრულება და ”საოკუპაციო ძალების გაყვანა” უზრუნველყო.
მან ასევე განაცხადა, რომ 12 აგვისტოს, როდესაც ის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სასაუბროდ, რუსეთის ჯარები თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრში იმყოფებოდნენ. ”და მათი მიზანი იყო ბატონი სააკაშვილის ჩამოგდება,” – განაცხადა სარკოზიმ.
”ცხადია, რომ არის უამრავი ხარვეზი, უამრავი გაურკვეველი მომენტი; უამრავი კომპრომისი იქნა დაშვებული; მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ევროპას რომ ხმა არ ამოეღო დიალოგის საჭიროებისთვის, აბა ვინ გააკეთებდა ამას?” – განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობდა ”განსხვავდებული აზრები” ევროკავშირის სამშვიდობო მცდელობებთან დაკავშირებით; ზოგიერთი, მისი თქმით, აცხადებდა, რომ ”დიალოგს აზრი არ აქვს და რომ სამხედრო აგრესიას სამხედრო პასუხივე უნდა გაეცეს”.
”ეს სისულელეა,” – განაგრძო მან, თან იქვე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიაჩნდა, რომ მისი მოსკოვში ჩასვლა ”არასწორი” იყო.
”ევროპა აღარ უნდა იყოს კიდევ ერთი ცივი ომის თანამონაწილე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცივი თავების შენარჩუნება. ეს იყო პრობლემა, რომელიც გადავლახეთ ჩვენ ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, რომელთაც ჩათვალეს, რომ ჩვენი მოსკოვში ჩასვლა არასწორი იყო,” – განაცხადა სარკოზიმ. ”ამის მიუხედავად, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან მაინც შევძელით თანამშრომლობა. მათი პოზიცია არ ყოფილა იგივე, რაც ჩვენი, მაგრამ შევეცადეთ გვეთანამშრომლა, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს დავპირისპირებოდით”.
”მსოფლიოში დღეს არსებული ვითარების ფონზე, არა მგონია, რომ მსოლფიოს სჭირდება კრიზისი ევროპასა და რუსეთს შორის; ეს უპასუხისმგებლო იქნებოდა,” – განაცხადა სარკოზიმ.
”ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოსაზრებები სუვერენიტეტის პატივისცემის თაობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე, ადამიანის უფლებებზე – იმ საკითხებზე რომლებზეც ჩვენ უთანხმოება გვაქვს იმ ხალხლთან, ვინც რუსეთს მართავს, მაგრამ უპასუხისმგებლო იქნებოდა პირობები შეგვექმნა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც სრულიად არ გვჭირდება,” – დასძინა მან.
სარკოზიმ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”მომავალ სტატუსზე” უკვე დაიწყო.
”ის რთულად დაიწყო, მაგრამ ვინ მოელოდა სხვა რამეს? მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს,” – განაცხადა მან.