ახალი ამბები

გივი თარგამაძე ახალგორში შესაძლო ”ახალი კონფლიქტის” თაობაზე საუბრობს

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ზომები ახალგორში ”კონფლიქტის გაღრმავების” შესაჩერებლად, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ 20 ოქტომბერს.

”ჩვენ ვაფრთხილებდით საერთაშორისო თანამეგობრობას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორი აუცილებლად გახდება ახალი კონფლიქტის საფუძველი და ამის ყველა ნიშანი სახეზეა,” – განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს. ”სანამ ეს კონფლიქტი გაღრმავდა და მიიღო შეუქცევადი ხასიათი, მანამდე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები.”

რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ, განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ ახალგორის სეპარატისტულ ხელისუფლებას ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯარში გაწვევა სურს, რათა მათ სეპარატისტული რეგიონის არმიაში იმსახურონ.

”პირველი ეტაპი იყო პასპორტიზაცია, და თუ არ აიღებდნენ პასპორტებს [ადგილობრივი მოსახლეობა], ტოვებდნენ ტერიტორიას. მეორე ეტაპია ჯარში გაწვევა და თუ ჯარში არ წავა, დაატოვებინებენ ახალგორს. ეს არის ახალი ეთნოწმენდის ფაქტები. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აგრესია არ შეჩერებულა,” – განაცხადა დავითაიამ 20 ოქტომბერს.     

ადმინისტრაციულად ახალგორი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი იყო. თუმცა, ცხინვალის გარშემო მდებარე სხვა რამდენიმე ქართული სოფლის მსგავსად, ახალგორის რაიონი აგვისტოს ომამდე არასდროს ყოფილა სეპარატისტული კონტროლის ქვეშ.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 20 ოქტომბერს განაცხადა სამართალდამცავებთან შეხვედრაზე, რომ ”ლენინგორში კვლავ დაძაბული ვითარებაა” – იგი ახალგორს გულისხმობდა. ამ რაიონს ლენინგორი საბჭოთა დროს ერქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი გააუქმა, საქართველოს ხელისუფლებამ მას ახალგორი დაარქვა.

”საქართველომ ისევ დაიწყო პროვოკაციული ქმედებები სასაზღვრო რაიონებში,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. მისი თქმით, თითქმის ყოველ ღამე ხდება სროლები სამხრეთ ოსური საგუშაგოების მიმართულებით.    

”და საერთაშორისო დამკვირვებლები [მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია] ძალიან უცნაურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს,” – განაგრძო კოკოითმა. ”აშკარაა, რომ ისინი მიკერძოებულები არიან, რაც არ უწყობს ხელს სიტუაციის გაუმჯობესებას; პირიქით, ეს სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს”.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა, განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ ახალგორი კვლავ ”პრობლემად” და ”პოტენციულ ცხელ წერტილად” რჩება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button