
სააკაშვილი ოპოზიციის მიერ აჭარის არჩევნების ბოიკოტზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარაში გამჭირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს ”პრესტიჟის” და ”ეროვნული უსაფრთხოების” საკითხია და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით ქვეყანაში ”ქაოსის განცდის” შექმნის მცდელობა ქვეყნისთვის ”საზიანოა”.
”ყველაზე ადვილია თქმა, რომ ბოიკოტს ვაცხადებთ,” – განაცხადა მან 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
”როცა შენ შეგნებულად მიდიხარ იმაზე, რომ შენ ქვეყანას მიაყენო ზიანი იმით, რომ გეზარება საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და მოდი ვთქვათ, რომ ზიანს მაინც მივაყენებ [ხელისუფლებას], მოდი პარტიზანულად ვიმოქმედებ, გადავწვავ ყველაფერს, შევქმნით ქაოსის განცდას იმისათვის, რომ იქნებ ამათ [ხელისუფლებას] მეტი ზიანი მიადგეთ – ეს, მე მგონი, არ არის სწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ზიანს ვაყენებთ, ჩვენდა უნებურად, ჩვენს ქვეყანას. იქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც იყრის კენჭს და საერთოდ ჩვენ ყველა პარტიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესში მივესალმებით,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”გამჭირვალე არჩევნები ჩვენი პრესტიჟის საკითხია,” განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ არ უნდა მისცეს საბაბი საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს არადემოკრატიული ქვეყანა უწოდოს. მისი ვარაუდით, დემოკრატიის ნაკლებობა საქართველოში საბაბს მისცემს ევროკავშირს შეწყვიტოს ზეწოლა რუსეთზე საქართველოსთან მიმართებაში. ”ამიტომ, დემოკრატიის დონე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა,” – დასძინა მან.
აჭარის უზენაესი საბჭოს 18 მანდატისთვის შვიდი პარტია იბრძოლებს.
ორი მათგანი – ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და ჩვენ თვითონ საპარლამენტო უმცირესობას ქმნიან. დანარჩენი ხუთი პარტიაა: ნაციონალური მოძრაობა, ქართული დასი, მრეწველები, ქართული პოლიტიკა და ერთიანი კომუნისტური პარტია.
ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, მათ შორის ოპოზიციური კოალიციის წევრებმა გადაწყვიტეს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიულმა პარტიამ ფორმალური რეგისტრაცია გაიარა, პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარტნიორების მსგავსად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და სურთ წინასაარჩევნო პირდაპირი ეთერი გამოიყენონ, რათა ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდონ.
ოპოზიციური პარტიების თქმით, მათ მიერ აჭარის არჩევნების ბოიკოტირება განაპირობა იმ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, რომელიც, მათი თქმით, ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა (თუმცა, ლეიბორისტულმა პარტიამ, არჩევნების ბოიკოტირების შესახებ განცხადება ომამდე გააკეთა). ოპოზიციურ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა და რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადეს, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, ვიდრე უბრალოდ აჭარის არჩევნები, მათ შორის ერთიანი ოპოზიციური ტაქტიკის შემუშავება ვადამდელი არჩევნების ჩატარების მისაღწევად.
ოპოზიციური პარტიების თქმით, ისინი ამ საკითხზე კონსულტაციებს მართავენ, თუმცა ერთიანი ტაქტიკა ჯერ არ გაუხმოვანებიათ. მათი უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევის ერთი წლისთავი საპროტესტო აქციით უნდა აღინიშნოს; მაგრამ უცნობია იქნება ეს მხოლოდ სიმბოლური აქცია, თუ ოპოზიცია მას პოლიტიკური მოთხოვნების დასაყენებლად გამოიყენებს, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 16 ოქტომბერს, რომ იგი ოპოზიციასთან დიალოგის მომხრეა და ამის მაგალითად ანტიკრიზისული საბჭო დაასახელა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა საბჭოს ბოიკოტს უცხადებს. საბჭოში ძირითადად საპარლამენტო უმცირესობის პარტიები შედიან, რომლებსაც ხელისუფლების ”სატელიტებს” უწოდებენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძირითადი ოპოზიციური პარტიები.
”მნიშვნელოვანია, რომ იყოს შეხედულებების გაცვლა [ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის] და არ ვესაუბროთ ერთმანეთს ხმის გამაძლიერებლების საშუალებით,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღიარა, რომ წარსულში ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ უსმენდა განსხვავებულ აზრს. ”საზოგადოებას არ მოსწონს მთავრობის აპლომბი,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”საზოგადოებას სურს, რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ დიალოგში”.
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ასევე უცხადებს ბოიკოტს 3 ნოემბერს თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს. ამ არჩევნებში კანდიდატების დასახელებაზე უარი განაცხადა მმართველმა პარტიამაც.