რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის 31 ოქტომბრამდე გაგრძელებას.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 17 ოქტომბერს იწურებოდა და უკვე მესამედ გაგრძელდა, ისევ იმოქმედებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კოდორის ხეობაში, ახალგორში, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში და ასევე საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.
ეს ის ტერიტორიებია, სადაც რუსული ძალები ე.წ. ბუფერული ზონების დატოვების შემდეგ კვლავ დგანან, მიუხედავად იმისა, რომ მათ 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმება 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებს.
იმავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღება პარლამენტმა კიდევ ერთი კვირით გადადო, რადგან ამ კანონის შინაარსი მაქსიმალურად შეათანხმოს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კანონმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პირველი მოსმენით და ნაწილობრივ მეორე მოსმენითაც მიღებული აქვს პარლამენტს, სამართლებრივად უნდა ჩაანაცვლოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)