ახალი ამბები

ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყო

საქართველოს, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები 15 ოქტომბერს ჟენევაში მოლაპარაკებებ დაიწყეს, რომელსაც გაერო, ევროკავშირი და ეუთო ერთობლივად მასპინძლობენ.

დიპლომატების თქმით, ეს იქნება ”პლენარული სხდომა”, რომელსაც შესაძლოა მოყვეს არაფორმალური შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ორგანიზატორებმა საშუალება არ მისცეს ფოტოგრაფებს ჟენევაში გაეროს შენობაში შესვლისას დელეგაციების ფოტოები გადაეღოთ, იტყობინება ”როიტერი”. ”მოლაპარაკებები კონფიდენციალური და საკმაოდ რთულია. ეს არის ყველა მხარის გადაწყვეტილება,” – განუცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ”შესაძლოა წარმოდგენილი იყვნენ ჟენევაში და მათ შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ პლენარული სხდომის მიღმა ჩატარებულ არაფორმალურ განხილვებში ”.

”აშშ არ აპირებს მათთან ცალკე შეხვედრას,” – განაცხადა მაკკორმაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ხოლო ქართული მხარის – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე.    

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, განაცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრე სტუბთან და გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან 14 ოქტომბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მოლაპარაკებების ზუსტი ფორმატი კვლავ გაურკვეველია.

”ჩვენ ეს საკითხები ხვალისთვის დავიტოვეთ,” – იტყობინება AFP  კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს პასუხი ჟურნალისტებს გასცა კითხვაზე, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში. ”ჩვენ ვნახავთ, თუ რა რეაქცია ექნებათ სხვადასხვა მოთამაშეებს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენი პოზიცია ნათელი და უცვლელია – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია რაიმე შეთანხმებების შემუშავება მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მტკიცედ გამოვალთ ამ პოზიციიდან”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თუ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას არაფორმალურ შეხვედრებში, იქ ასევე უნდა იყვნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია ასევე იმყოფებიან ჟენევაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში. 

ჟენევაში იმყოფებიან ასევე სეპარატისტების დელეგაციები, რომლებსაც აფხაზეთიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ხოლო ცხინვალიდან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ”საერთაშორისო განხილვები”, რომელიც 15 ოქტომბერს იწყება, ”დასაწყისია” და ”არ უნდა იქნას განხილული, როგორც დასასრული”.

”მე მივესალმები იმ სერთო კონსენსუსს, რომელიც მხარეებს შორის არსებობს საკითხის დიალოგის გზით მოგვარებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან, ”ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს; ასე რომ ჩვენ ამ საკითხის მოგვარებაში მოთმინება გვჭირდება. მოკლე დროში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ნდობა მხარეებს შორის, რათა საბოლოო ჯამში შევძლოთ კონფლიქტის მოგვარების კარგი პროცესის ჩამოყალიბება”. 

მან აღნიშნა, რომ მხარეები არ უნდა იყვნენ მოუთმენელნი და არ უნდა იჩქარონ, რათა მიაღწიონ სწრაფ მოგვარებას. გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე საჭიროა განხილულ იქნას ”პრაქტიკული საკითხები”.

მისი თქმით, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ”კარგი საფუძველი შეგვიქმნა”.

”შესაძლოა ძალიან რთული იყოს საწყის ეტაპზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც წინ წავიწევთ ექსპერტთა, წარმომადგენელთა დონეზე გამართული კონსულტაციების გზით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ეს დიალოგი მინისტრების და უფრო მაღალ დონეებზე გადავიტანოთ.  ჩვენ მოთმინება გვჭირდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამას დრო დასჭირდება,” – დასძინა მან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ კვლავ რჩება ”ღია საკითხები” რუსული ძალების ზოგიერთ რაიონში დარჩენასთან დაკავშირებით, მათ შორის ახალგორში და ზემო კოდორის ხეობაში და ”ეს ის საკითხებია, რომლებიც ჟენევაში იქნება განხილული”.

14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის საკითხები გაახმოვანა, რომელთა წამოწევასაც მოსკოვი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპირებს.  

”დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დისკუსიები დინამიურად უნდა წარიმართოს და დასრულდეს იმ კონკრეტული შეთანხმებების მიღწევით, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას,” – ნათქვამია განცხადებაში. 

”ამ კუთხით, ქვაკუთხედად განვიხილავთ ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებების ხელმოწერას საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის,” – ნათქვამია განცხადებაში. ”ამ შეთანხმებების ძალაში შესვლამდე ქართულმა მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას ძალის არ გამოყენების თაობაზე აღებული ვალდებულებები, რომლის გარანტორიც ევროკავშირია. საჭიროა, რომ ამ კონტექსტში შეთანხმდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები”.

”მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმ ზომების კომპლექსის შემუშავება, რომელიც გამორიცხავდა საქართველოს უკონტროლო მილიტარიზაციის გამეორებას, რამაც უბიძგა მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისკენ. ამ ზომების მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება იქცეს საქართველოს ხელისუფლებისთვის მძიმე და თავდასხმითი შეიარაღების მიწოდებაზე უარის თქმა”.

მსგავსი/Related

Back to top button