ახალი ამბები

მოლაპარაკებების ზუსტი ფორმატი კვლავ გაურკვეველია

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობენ, უკვე გაემგზავრა ჟენევაში 15 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ასევე შედის ქართულ დელეგაციაში, განაცხადა სანაკოევის პრესსამსახურმა 14 ოქტომბერს.

თუმცა მოლაპარაკებების ზუსტი ფორმატი კვლავ გაურკვეველია.

ეუთომ, რომელიც ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, მოლაპარაკებებს მასპინძლობს, 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები. 

”დამატებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში,”- ნათქვამია პრეს-რელიზში, თუმცა დაკონკრეტებული არ არის მოლაპარაკებების ფორმატი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები ”არანაირ მოლაპარაკებებში” მონაწილეობას არ მიიღებენ.

”რადგანაც, ერთი მხრივ, ქართული მხარე ამას არ დაუშვებს და მეორე მხრივ, ეს არ არის გათვალისწინებული მოლაპარაკებების ფორმატით,” – განაცხადა მან ფორმატის დაკონკრეტების გარეშე.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა, რომელსაც ხელისუფლება ჩვეულებისამებრ ინფორმაციის გაჟონვის იარაღად იყენებს, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ჩავლენ ჟენევაში, ისინი იქ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან.

ჟენევის მოლაპარაკებები 15 ოქტომბერს გაიხსნება შეხვედრით აშშ-ს, საქართველოს და რუსეთს შორის.

თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ პლენარულ სხდომას მოყვებოდა მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფს შორის, იტყობინებოდა Deutsche Presse-Agentur (DPA) გასულ კვირას ევროკავშირის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

ამ ჯგუფებში ასევე შევლენ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. თუმცა, რეგიონების აღიარების რაიმე ნიშნების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაო ჯგუფები არაფორმალურად შეიკრიბებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეთა იდენტიფიცირება მოხდება მხოლოდ მათი სახელებით და არა იმ სუბიექტებით, რომელთაც ისინი წარმოადგენენ, განაცხადა დიპლომატმა ევროკავშირიდან. მან ასევე დასძინა, რომ პირველი სხდომის შემდეგ სამუშაო ჯგუფები სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან.

თუმცა, Agence France-Presse (AFP)-ი იტყობინებოდა 13 ოქტომბერს ევროკავშირის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ მოლაპარაკებების ზუსტი ფორმა და ჩარჩო, თუ როგორ განვითარდება ის, ჯერ არ გარკვეულა.

ვაშაძის თქმით, თბილისი სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას: რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმებების სრული განხორციელება; დევნილთა დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართება შეხვედრა ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბის; საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის; ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას და საგარეო ურთიერთობებში ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის; და გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მონაწილეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button