ახალი ამბები

ლავროვი უარყოფს ახალგორიდან რუსული ძალების გაყვანის მოწოდებებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებები არ ითვალისწინებს რუსული ძალების გასვლას ახალგორიდან.

“მე გავიგე, რომ ზოგიერთი ევროპელი წარმომადგენელი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსი სამშვიდობოები არ გავიდნენ ახალგორის რაიონიდან,” – განუცხადა ლავროვმა რუს ჟურნალისტებს 11 ოქტომბერს დორტმუნდში, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

“ეს მთლიანად ეწინააღმდეგება მედვედევი-სარკოზის გეგმას, რადგანაც ამ გეგმაში ნათქვამია – და ეს წერია შავით თეთერზე – რომ ჩვენ გამოვდივართ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან და ეს გაკეთდა კიდეც”.

“ახალგორი სამხრეთ ოსეთის საზღვრების შიგნით მდებარეობს; ამრიგად გეგმის დებულებები ამ ტერიტორიას არ ფარავს,” – დასძინა მან.

კითხვაზე, სრულად შეასრულა თუ არა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კუშნერმა უპასუხა: ”ვფიქრობ ეს ასეა, თუმცა ნაწილობრივ”. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ რუსული ძალების ყოფნა ახალგორში ”ვიცით, რომ პრობლემაა”.  მისი თქმით, ეს საკითხი 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლება უნდა იყოს წარმოდგენილი ჟენევის მოლაპარაკებებზე, როგორც “თანასწორები ყველა დანარჩენთან”.

“მოლაპარაკებებს უსაფრთხოების შესახებ რეგიონში არ ექნება რაიმე შედეგი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე,” – დასძინა ლავროვმა.

ორი თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ არაფორმალური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში და არა პლენარულ სხდომაში, რომელიც 15 ოქტომბერს იხსნება და რომელშიც რუსეთი, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს ეგიდით გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button