ახალი ამბები

თბილისი რუსული ძალების ახალგორიდან და კოდორიდან გასვლას მოითხოვს

თბილისი მოითხოვს, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ძალები ახალგორის რაიონიდან და კოდორის ხეობიდან 7 აგვისტოს პოზიციებზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.

ომამდე ამ ტერიტორიებს ოფიციალური თბილისი აკონტროლებდა.

საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლას ტყეშელაშვილმა ”მნიშვნელოვანი” უწოდა.

”ეს არის საწყისი პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს იმ ეტაპამდე, სანამ სრულად იქნება შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება,”- განაგრძო მან, ”6 აგვისტოს მდგომარეობა უნდა აღდგეს რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგორში, ისევე როგორც კოდორში ცენტრალური ხელისუფლების არა მარტო დე იურე, არამედ დე ფაქტო ხელისუფლება სრულად უნდა იყოს აღდგენილი”.

ამ განცხადების საპასუხოდ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ აფხაზური და რუსული ძალები კოდორის ხეობის დატოვებას არ აპირებენ.

”ჩვენ ვგეგმავთ საიმედოდ გავაძლიეროთ საქართველოსთან საზღვარი, მათ შორის აფხაზეთის კოდორის ხეობაში,”- განაცხადა მან და დასძინა: ”კოდორის ხეობა  – ეს აფხაზეთის განუყოფელი ნაწილია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button