დსთ-მ საქართველოს წევრობა შეწყვიტა – ლავროვი
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს გადაწყვეტილებები ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის შეწყვეტისა და ასევე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატის გაუქმების თაობაზე.
ამის შესახებ ”ინტერფაქსი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც მონაწილეობას იღებს 9 ოქტომბერს, ბიშკეკში მინისტრთა საბჭოს სხდომაში.
საქართველოს პრეზიდენტმა დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 12 აგვისტოს რუსული აგრესიის საპასუხოდ გამოაცხადა.
შედეგად, 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სამი ხელშეკრულების – "1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ", "1993 წლის 22 იანვრის დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდებისა" და "1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებათა ეკონომიკური კავშირის შესახებ" – დენონსაცია.
ლავროვმა ასევე განაცხადა: ”მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთში დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რომელიც თავის დროზე მიღებული იყო დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების მიერ [1994 წელს]”.
საქართველომ ოფიციალურად მიმართა დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს შეეწყვიტა ამ ორგანიზაციის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამშვიდობო ოპერაცია მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს ძალადაკარგულად გამოაცხადა ”ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმება, რომელიც რუსი სამშვიდობოების აფხაზეთში ყოფნის მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
იმავდროულად, ბიშკეკის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ”ახალი რეალობის” შემდეგ ”ყველანაირი აზრი დაკარგა” დსთ-ს ეკონომიკურმა სანქციებმა აფხაზეთის წინააღმდეგ.
რუსეთმა დსთ-ის 1996 წლის ეს შეთანხმება ცალმხრივად ამა წლის 6 მარტს დატოვა.
დენისოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავს არ ახვევს დსთ-ს სხვა სახელმწიფოებს მოსაზრებას, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადადგან აფხაზეთის სანქციებთან მიმართებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)