ახალი ამბები

პან გი მუნი UNOMIG-ის მანდატის ოთხი თვით გაგრძელების ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შესთავაზა უშიშროების საბჭოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი ოთხი თვით გაგრძელდეს – 2009 წლის 15 თებერვლამდე – ნაცვლად ტრადიციული ექვსი თვისა.

თავის მოხსენებაში უშიშროების საბჭოს მიმართ, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ UNOMIG-ის და მისი ზუსტი მანდატის მომავალი გაურკვეველი რჩება რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდეგ.

უკვე ათ წელიწადზე მეტია UNOMIG-ი აკონტროლებს აფხაზური და ქართული მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების შესრულებას. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო შეთანხმებიდან გამოვიდა. პან გი მუნმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ”ის კონტექსტი, რომელშიც UNOMIG მოქმედებდა ბოლო 14 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა” აგვისტოს მოვლენების შემდეგ და 1994 წლის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ.

”ამ ვითარებაში, ამ ეტაპზე ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს UNOMIG-მა მომავალში,” – ნათქვამია მოხსენებაში.

”მე მივიღე ოფიციალური მინიშნებები ქართული და აფხაზური მხარეებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მხარს უჭერენ მისიის გაგრძელებას,” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა მოხსენებაში. ”სწორედ ამ კონტექტსში ვურჩევ მე უშიშროების საბჭოს, რომ გააგრძელოს მისიის მანდატი ტექნიკურ საფუძველზე ოთხი თვით”.

მომდევნო ოთხ თვეში, განაცხადა მან, გააქტიურდება კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან გაეროს მომავალ როლზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. ეს კონსულტაციები, დასძინა მან, ჩატარდება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ამ მოლაპარაკებების დაწყება 15 ოქტომბერს იგეგმება, როგორც ამას 8 სექტემბერს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს.

”მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერმა მომავალმა ფორმატმა უნდა უზრუნველყოს საომარი მოქმედებების არგანახლება და ყველა ჯგუფის დაცვა. ეს უნდა გახდეს საერთაშორისო საზოგადოების მთავარი და საერთო მიზანი, რასაც უნდა მიაღწიოს უშიშროების საბჭომ,” – განაცხადა პან გი მუნმა. 

თავის მოხსენებაში მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენები ”სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა”.

”ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მე აღვნიშნავდი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის სიტუაციის უკიდურესად სერიოზულ გაუარესებას, რამაც ყველაზე უარეს დონეს 2008 წლის მეორე კვარტალში მიაღწია,” – განაცხადა მან. ”კერძოდ, მე აღვნიშნე მხარეების მზარდი სკეპტიციზმი კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობის მიმართ. იმავე პერიოდში, უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის”. 

მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს: ”ქართული მხარის მიერ აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებამ მხოლოდ გააძლიერა აფხაზური მხარის შეგრძნება იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლო სამიზნეა”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button