ახალი ამბები

ცხინვალის მტკიცებით, რეგიონში ორი ’ტერაქტი’ მოხდა

შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა დღეს ცხინვალში, სამშვიდობო ძალების შტაბთან სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
 
თუმცა კომიტეტმა, თავდაპირველად განაცხადა, რომ ერთი ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო ორი დაჭრილი.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მტკიცებით, დღეს რეგიონში მეორე ”ტერაქტიც” მოხდა ახალგორის რაიონში. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალგორის ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ანატოლი მარგიევზე თავდასხმის მიზნით ადგილი ჰქონდა აფეთქებას. ამავე ცნობით, მარგიევი გადარჩა, თუმცა შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

”ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რომ ეს ტერაქტები ქართულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს,”- განუცხადა კოკოითმა ”ინტერფაქსს”.

იმავდროულად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს, რომელთა ”რისკები ახლა ძალიან მაღალია”.  

”ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, თავიდან ავიცილოთ სამხედრო პროვოკაცია,”- განაცხადა იაკობაშვილმა 3 ოქტომბერს, ”დაველოდოთ 10 ოქტომბერს, ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება”.

10 ოქტომბრისთვის რუსული ძალები უნდა გავიდნენ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. მათ სრულად ჩაანაცვლებენ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომელთაც ამჟამად, იაკობაშვილის განცხადებით, რუსული ძალები ”სხვადასხვა მიზეზებით უკრძალავენ თავისუფალ გადაადგილებას”. 

Back to top button