ახალი ამბები

რუსული აგრესიის საფრთხე მოხსნილი არ არის – სააკაშვილი

რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზნებს საქართველოში და ამიტომ რუსული აგრესიის საფრთხე ისევ დგას საქართველოს წინაშე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 ოქტომბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, საქართველოს ომი არ უნდოდა და ”ნამდვილად არ ყოფილა გეგმები ამ ტიპის თავდაცვითი ოპერაციების წარმოების, განსაკუთრებით ცხინვალში და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”.

”მაგრამ მტერმა ჩათვალა, რომ ომის გარეშე, მას შემდეგ რაც ეკონომიკურმა ემბარგომ, პროვოკაციებმა, შიდა დესტაბილიზაციამ არ იმუშავა, ვერ გადაწყვეტდა მის მთავარ ორ ამოცანას  – ვერ მოაშორებდა საქართველოს ამ მთავრობას, რომელიც აღიზიანებს და მეორე, ვერ გააკონტროლებდა ნავთობსადენებს და ვერ მოაჯდებოდა ცენტრალურ აზიის და კასპიის რეგიონს”.
 
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმის გამო, რომ რუსეთის ეს ორი ამოცანა შეუსრულებელი რჩება, ”მე მინდა ყველას კარგად გვესმოდეს, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ მომენტში აგრესორი შეიძლება ისევ გადავიდეს კიდევ ახალ შეტევებზე და კიდევ ახალ აგრესიაზე”.

მისი თქმით, იმავდროულად, გასაანალიზებელია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას მიღებული ”უნიკალური” გამოცდილება და საქართველოს შეიარაღებული ძალების ძლიერი და სუსტი მხარეები.

მისი თქმით, არტილერიას ”აშაკარა უპირატესობა” ჰქონდა მოწინააღმდეგესთან და ასევე კარგად იმუშავა ქართულმა ავიაციამ.

პრეზიდენტის შეფასებით, არმიის სუსტი რგოლები იყო მართვის სისტემა, კომუნიკაციის პრობლემები, ხარვეზები ოფიცრების მომზადებაში, ასევე სარეზერვო სამსახურს ჰქონდა ”სერიოზული ჩავარდნა”.

”ჩვენ ეს [რეზერვისტთა] სისტემა სხვანაირად უნდა გადავაწყოთ და გადავხედოთ გაწვევის სისტემას,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”როცა საბრძოლო ნათლობა გაქვს გავლილი ამ შეცდომების არ გამოსწორება იქნებოდა სერიოზული დანაშაული”.

მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა საკადრო ცვლილებები ომში გამოვლენილი დამსახურებების შესაბამისად. ”ყველამ გამოიტანოს სათანადო დასკვნა, პროფესიონალიზმი ყოველთვის წახალისდება,”- მიმართა მან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

”ჩვენმა არმიამ აჩვენა და ამას მთელი მსოფლიო, ყველა მეტ-ნაკლებად ობიექტური დამკვირვებელი აღნიშნავს, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი მომზადება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”თუმცა 10-ჯერ მეტია კიდევ საჭირო და გასაკეთებელი”. 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების განვითარებას  – ”ამაზე ნურავის ილუზია ნუ ექნება”.

”ჩვენ რაიმე ახალი იარაღის შესყიდვას უახლოეს ხანებში არ ვაპირებთ, ჩვენ ახლა მთავარ ფულს ვხარჯავთ ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ სამხედროები მომზადებას, მათი პირველ რიგში ცოდნით აღჭურვას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

იმავდროულად, მან მოუწოდა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ითანამშრომლონ საპარლამენტო კომისიასთან და მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ აგვისტოს მოვლენებზე.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს დღეებში თბილისის აღებას გეგმავდა, თუმცა ”ბოლო წუთში”, იმის გამო, რომ ქართული ძალების წინააღმდეგობის შედეგად მსოფლიომ ”გამოიღვიძა”, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიხია უკან. მისი თქმით, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა 12 აგვისტოს თბილისში, პარლამენტის წინ გამართულმა მიტინგმაც.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს ომის შედეგად ”უზარმაზარი” ზარალი მიადგა, ”მათივე წყაროებით, 2 ათასი მებრძოლი არის დაღუპული რუსულ შეიარაღებულ ძალებში, 17 საფრენი აპარატია ჩამოგდებული და ბევრი სხვა ტექნიკა განადგურებული”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button