ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას შეუდგა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) დღეს დილიდან ოფიციალურად შეუდგა თავის საქმიანობას – სამეგრელოსა და შიდა ქართლში ორ-ორი მანქანისგან შემდგარმა ჯგუფებმა დაიწყეს პირველი პატრულირება.
ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროპელი დამკვირვებლები შევიდნენ სამხრეთ ოსეთის გასწვრივ ე.წ. ბუფერულ ზონაში მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ევროპელ დამკვირვებლებს პატრულირების განხორციელება მხოლოდ ამ ზონის სამხრეთ საზღვრებზე შეეძლებოდათ.
ამის მიზეზად რუსული ძალების წარმომადგენელმა ვიტალი მანუშკომ დაასახელა რუსულ მხარესა და ევროკავშირის მისიას, ასევე ქართულ მხარეს შორის მემორანდუმების გაფორმების საჭიროება, რათა მკაფიოდ განისაზღვროს EUMM-ის ფუნქციები და ასევე ქართული პოლიციური ძალების რაოდენობა, რომლებიც შევლენ რუსული ძალების გასვლის შემდეგ დღემდე ოკუპირებულ ქართულ სოფლებში.
EUMM-ის უიარაღო დამკვირვებლების მიზანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსული ძალების სრულად ჩანაცვლება 10 ოქტომბრისთვის და ამ რეგიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა. მისიის მთავარი ამოცანა იქნება ”დაკვირვება, ანალიზი და ანგარიშგება” ადგილზე შექმნილი სიტუაციის ექვს-პუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობის თაობაზე.
EUMM მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო და ეუთოს მისიებთან, რომლებიც შესაბამისად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედებენ.
ევროკავშირის 22 ქვეყნიდან მისიის 200-ზე მეტი დამკვირვებელი ადგილებზე პერმანენტულად განახორციელებენ პატრულირებას. საერთო ჯამში კი მისიის შემადგენლობაში შევა 352 დამკვირვებელი, თბილისში სათაო ოფისის ჩათვლით.
ბაზალეთის რეგიონულ ოფისში განთავსდება 96 დამკვირვებელი; გორში – 70; ფოთში – 30; ხოლო ზუგდიდში 70 დამკვირვებელი.
მისიის ბიუჯეტია 35 მლნ ევრო და მისი მანდატი 12 თვითაა განსაზღვრული, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)