skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დეპუტაცია აგვისტოს მოვლენების გამოძიების საკითხს აყენებს

საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს ”პასუხისმგებლობა ყველა პირისა და უწყებისა” აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკ ვან დენ ბრანდემ 25 სექტემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ამ მოვლენებთან დაკავშირებით ორ [საქართველოს და რუსეთს] სახელმწიფოს გააჩნია აბსოლუტურად გამომრიცხავი და ერთმანეთისგან საწინააღმდეგო პოზიცია. და ჩვენ დღეს, ისე როგორც არასდროს, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აუცილებელია ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტები… თუ რა მოხდა”, –  განაცხადა ლუკ ვან დენ ბრანდემ, ”ამ საერთაშორისო გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ინსტიტუტი”. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 9-კაციანი დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 24 სექტემბერს მოსკოვში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ეწვია ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართულ და ოსურ სოფლებს, ასევე ცხინვალში შეხვედრა გამართა სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.

დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ”აბსოლუტურად ნათელია”, რომ ომი არ დაწყებულა 7 აგვისტოს და ”რეალურად მოვლენები დაიწყო ბევრად უფრო ადრე,” როცა ”მთელ რიგ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი”.

ლუკ ვან დენ ბრანდემ განაცხადა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ”არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია ყველაფერი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფლიქტი და ესკალაცია მდგომარეობისა, რომელმაც საბოლოო ჯამში ომამდე მიიყვანა”. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალში ვიზიტისას დელეგაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს სახელმწიფოები, გარდა რუსეთისა, არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

”ეს იყო პრინციპული საკითხი ჩვენი მხრიდან და გამოვლინება იმისა, რომელიც არსებობს ევროპის საბჭოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები აღშფოთებული დარჩნენ საომარი მოქმედებების შედეგების ნანახით და ადგილობრივ მოსახლეობის მონათხრობით

”ამ ეტაპზე ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ დელეგაცია თავის დასკვნებს სტრასბურგში, ასამბლეის საშემოდგომო სესიას წარუდგენს, სადაც 29 სექტემბერს-3 ოქტომბერს ამ საკითხზე დებატებია დაგეგმილი.

მისი თქმით, მთავარია შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ექვს-პუნქტიანი გეგმა და დაიწყოს დევნილების დაბრუნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button