ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება – სრული ტექსტი

ერთიანობა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის
საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადება

არსებული ვითარება

რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შედეგად დღეს საქართველოში შექმნილია უმძიმესი ვითარება. აგვისტოში განვითარებულ ომში დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გახდა ეთნოწმენდის მსხვერპლი, ისინი გამოდევნეს თავისი სახლებიდან, განადგურებულია მათი ქონება. მიუხედავად ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებებისა, მძიმე რეალობაა, რომ არავინ იცის, როდის შეძლებენ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას. კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი არიან დაუცველნი და მუდმივად ემუქრებათ საფრთხე, რომ დახოცავენ, გაძარცვავენ, გადაუწვავენ სახლს და ამის არაერთი შემთხვევაა. აფხაზეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში რუს ოკუპანტებს მოწყობილი აქვთ საგუშაგოები, სადაც აჩერებენ საქართველოს მოქალაქეებს, არ აძლევენ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, უმოწმებენ საბუთებს, ჩხრეკენ და ამცირებენ.

მიუხედავად პრეზიდენტის დაპირებისა, რომ თავის პრეზიდენტობას მიუძღვნიდა საქართველოს გამთლიანებას, ადრე დაკარგულ ტერიტორიებს დაემატა ქსნის ხეობა – დღევანდელი ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა – ე.წ. ზემო აფხაზეთი, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობები – სულ ასამდე ქართული სოფელი.

ახალგორში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას აიძულებენ, მიიღონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თუ რუსეთის მოქალაქეობა, ან დატოვონ საკუთარი სახლები. დაიბომბა ქალაქები, დაიღუპა ხალხი, მოსახლეობამ მიიღო საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი.

და სწორედ დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელიც, ითქვას სიმართლე, რადგან გამოსავლის მოძებნა მხოლოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებით არის შესაძლებელი.
საქართველოს მარცხი განაპირობა ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ; ავტორიტარიზმის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი კატასტროფები.

საქართველოში არსებული ავტორიტარული მმართველობის რუსული მოდელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პრობლემების ერთპიროვნულად და ძალისმიერად გადაჭრას ითვალისწინებს, აღმოჩნდა სწორედ ის მეხუთე კოლონა, რომელმაც საქართველოს მარცხი განაპირობა.

ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება და მსოფლიოსთვის თავისი „ანტირუსულობის“ დამტკიცება გადაწყვიტა არა ადამიანის უფლებების დაცვით და სახელმწიფოში ევროპული დემოკრატიის აშენებით, რაც უმოკლესი გზაა ევროპისკენ, არამედ, ქვეყანაში დაამკვიდრა ავტორიტარიზმი და, მიუხედავად, ყველა მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მაინცდამაინც კონფრონტაციის ის სფერო აირჩია, სადაც მთელი მსოფლიო რუსეთს სიფრთხილით ეკიდება. ამგვარი უგუნური გადაწყვეტილებები თავად ავტორიტარიზმის ბუნებიდან გამომდინარეობს.

საკუთარ თავში ჩაკეტილმა ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს და საკუთარ აზრს სცემს პატივს, დაკარგა სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რითაც ისარგებლა რუსეთმა და შეასრულა დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტერიტორიების მიტაცების მზაკვრული გეგმა. ამას შეეწირა ქვეყანა და ხალხი.

გამომწვევი მიზეზები

საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს. საქართველოში ადამიანის უფლებები განუწყვეტლივ ირღვევა ყველა სფეროში და ამას სისტემური და სისტემატური ხასიათი აქვს.   
ხელისუფლება მუდმივად ახდენს იმის დეკლარირებას, თითქოს მისი მიზანი იყოს ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, რეალურად კი სრულიად საპირისპიროს სჩადის და ფეხქვეშ თელავს ყველა ძირითად ევროპულ ღირებულებას.  

საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ჩამოყალიბდნენ რეპრესიულ ინსტრუმენტებად მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. ირღვევა მოქალაქეთა უფლებები მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით, რასაც სისტემატურად ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებისა და ტელეფონების მოსმენით, თვალთვალითა და სხვა გზებით და ამგვარ უკანონო ქმედებებს უკანა რიცხვებით აკანონებს სასამართლო.

ჩვეულებრივ ამბად იქცა განსხვავებული შეხედულების მქონე პირთა დევნა-შევიწროება და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ქვეყანაში თარეშობს სამოქალაქო პირთაგან შემდგარი უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში არ ირიცხება და, ფაქტობრივად, ხელისუფლების არაფორმალური სადამსჯელო რაზმია. 

პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად ერევიან დამსაქმებელთა, მათ შორის, კერძო სექტორის გადაწყვეტილებებში, მათ ნაცვლად წარმართავენ საკადრო პოლიტიკას, მედიაში ცილისმწამებლურ პროპაგანდას აწყობენ და ახორციელებენ ზეწოლას სასამართლოზე. ეს ქმედებები არანაირი კანონით არ იმართება და მოქალაქეებს თავდაცვის მცირე შესაძლებლობასაც კი არ უტოვებს.

არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, რადგან მას წარმართავს სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით, გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის  გზით;

საქართველოში ჩვეულებრივ ამბად იქცა საკუთრების ხელყოფა, უკანონო ნგრევა და ჩამორთმევა. დაინერგა თავისთავად უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეები ღამით მიდიან პროკურატურაში და სახელმწიფოს ჩუქნიან თავიანთ ქონებას. ასეთ ვითარებაში ცინიკურად ჟღერს იმის დეკლარირება, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით საკუთრების უფლება კარგად არის დაცული.

ჩამოყალიბდა ”ელიტური” კორუფცია. ადამიანთა ერთ ჯგუფის აქვს სრული პრივილეგია. სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ ოფიციალური სტრუქტურები, მოხსნან, ვინც სურთ, დაიჭირონ, გაუჩერონ ბიზნესი, დაუნგრიონ, წაართვან, აუკრძალონ, დაუყადაღონ და ა.შ. ის, რაც არ შეიძლება სხვისთვის, შეიძლება მათთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის.

კანონით დაშვებულია შეკრებები და მანიფესტაციები. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოებს თითქოს უფლება აქვთ, ამ გზით გამოხატონ პროტესტი. თუმცა, ამ უფლების გამოყენების მცდელობა მოქალაქეებს ძვირად უჯდებათ. მათ თავს ესხმიან, სცემენ, უმტვრევენ მანქანებს, უჭრიან საბურავებს, მძღოლებს ართმევენ მართვის მოწმობებს, აიძულებენ, არ მოემსახურონ მომიტინგეებს, ადგენენ უკმაყოფილოთა სიებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ნათესავებსაც კი ყრიან სამსახურებიდან. ვინც ყველაფერ ამას არ შეეპუება და მაინც მიაღწევს მიტინგის ადგილამდე, მათ უსწორდებიან რეზინის ტყვიებით, რის გამოყენებასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს; ყველაფერ ამაზე კი პასუხს არავინ აგებს.

ცალკეული გამონაკლისის გარდა, ტელევიზიები მთლიანად კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან. სიხშირეები და კერძო ტელეკომპანიები ხელისუფლებამ უკანონო მანიპულაციებითა და ზეწოლით  გადააფორმა მისთვის სასურველ ფიქტიურ მფლობელებზე. საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და მიმდინარეობს მედიის ჯერ კიდევ თავისუფალი ნაწილის მიზანმიმართული დათრგუნვა; ამის შედეგად, რეალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მოსჯილი გვაქვს, დილიდან საღამომდე ვუსმინოთ პროპაგანდას, რომ „მიშა მაგარია“, ყველაფერი კარგადაა, გავიმარჯვეთ და საქართველო მალე აყვავდება.

განსხვავებული აზრის აუტანლობა, თვითნებობა, კანონის უგულებელყოფა და მუდმივი თვითკმაყოფილება იქცა არსებული მმართველობითი სისტემის ყოველდღიური ცხოვრების წესად. განსხვავებული აზრის მოსმენის, განსჯის, კამათის, დიალოგის კულტურა დაიკარგა თვითონ ხელისუფლების წიაღშიც.

ხელისუფლებას ის კი არ აინტერესებს, გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი მის შესახებ, არამედ სურს, რომ ხალხმა მუდმივად უსმინოს, რას ფიქრობს ხელისუფლება საკუთარ თავზე.

ეს არ არის თავისუფლება და სამართლიანობა, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის გზა ევროპისკენ.

მმართველობითი სისტემა, რომელიც ახშობს საინფორმაციო სივრცეს და მას პროპაგანდით ცვლის, ვერ დაიცავს და არ დაიცავს ადამიანის უფლებებს, რადგან მას აინტერესებს მხოლოდ „პიარი“ და არა მოქალაქე.
 
ისე პომპეზურად და საზეიმო ვითარებაში, ალბათ, არავინ არასოდეს დამარცხებულა, როგორც – საქართველო აგვისტოს ომში  და ეს იმიტომ, რომ ამ უმძიმეს დღეებშიც კი ხელისუფლება მხოლოდ ამ ავადსახსენებელ „პიარზე“ ზრუნავდა. და თუნდაც ელემენტარული საფუძველი ჰქონდეს ხელისუფლების ოპტიმიზმს, რომ თითქოს დაღუპული ადამიანები, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, გადამწვარი სოფლები და დევნილების ახალი ნაკადი მის მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებაა, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობას, კეთილგონიერება მოითხოვს, „გავიმარჯვეს“ ძახილი, კონცერტები და ტაშფანდურა  იმ დროისთვის გადავდოთ, როცა ამ გამარჯვების კონტურებს მაინც დავინახავთ.
 
წესით, ასეთ ვითარებაში, განსჯის, დაფიქრების, ერთმანეთის მოსმენის, დაშვებული შეცდომების ძებნის და გაანალიზების დროა, რათა განსაცდელიდან საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს. მსგავსი არაფერი შეიმჩნევა.
 
სახელმწიფოს ცხოვრებაში მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორებიცაა – პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა, რადგან მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტისა და რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციები ერთპიროვნული ნებით და სურვილით განისაზღვრება. ამიტომ ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ თავდაცვის მინისტრს ღვინის გასაღება ევალება,  შს მინისტრს – მშენებლობის კურატორობა, გენერალური პროკურორი „რთველის გენერლად“ ცხადდება, თბილისის მერი მოულოდნელად სამხედრო სარდლად გვევლინება და ა.შ. ეს მცირე ნაწილებია იმ დეტალებისა, რომელთაგანაც შედგება ავტორიტარული ქაოსი.
 
სახელმწიფოს კონსტიტუციასა და კანონებზე უპირატესი ძალა აქვს „ზემოდან“ წამოსულ ზეპირ დირექტივებსა და მითითებებს. სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და, ხშირ შემთხვევაში, სრული აღმოფხვრის იარაღია სისტემა, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და უწყება სინამდვილეში მმართველი პარტიის დირექტივებსა და გავლენიანი პირების გადაწყვეტილებებს ექვემდებარება. საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და საკანონმდებლო ნორმები არ არეგულირებენ არც ამგვარი გადაწყვეტილებების ფორმასა და შინაარსს, არც მათი მიღებისა და განხორციელების პროცესს. ამგვარი დირექტივები ზეპირად გაიცემა, უცნობია საზოგადოებისთვის და არ ექვემდებარება მის კონტროლს.
 
საქართველოში საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად მიუწვდომელი შეიქმნა მოქალაქისთვის, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკონტროლო გახდა – იგი აღარ არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე;
 
კონსტიტუცია და კანონები ხშირად იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად სჭირდება ეს კონკრეტული ცვლილება მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას მოცემულ მომენტში და არა იმის მიხედვით, სჭირდება თუ არა ეს ცვლილება ხალხს, ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფოს მომავალსა და მის განვითარებას.
 
თავისუფალი საზოგადოების უპირველესი ნიშანი არის „შიშისგან თავისუფლება“, ჩვენს ქვეყანაში კი მოქალაქეთა დაშინება და შიშის სინდრომის დამკვიდრება ხელისუფლების მხრიდან ცხოვრების წესად და სახელმწიფოს მართვის ბერკეტად იქცა.
 
საქართველოში ადამიანი განწირულია სამუშაოს დაკარგვისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ან კიდევ უფრო მძიმე სასჯელისთვის, თუ მისი თვალსაზრისი არ ემთხვევა ხელისუფლებისას. ეს პრაქტიკა ერთნაირად ვრცელდება როგორც საჯარო მოხელეებზე, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებზე.
 
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის დროშითა და სახელით ხდება.
 
ის გარემოება, რომ ქვეყანა იმართება ავტორიტარულად და არა კანონებით, განსაკუთრებით ამწვავებს სოციალური უსამართლობის საკითხს. მიუხედავად ხელისუფლების პოპულისტური ლოზუნგებისა – ბრძოლა სიღარიბესთან, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ა.შ.  კრიტიკულ ზღვარს მიაღწია უმუშევრობამ, იზრდება ინფლაცია. ჩამოყალიბდა ჩინოვნიკური ბურჟუაზია, შეუქცევადი ხდება მსხვილი ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეობის შერწყმის პროცესი. მოქალაქე აბსოლუტურად დაუცველია საკუთარი ქვეყნის შრომის ბაზარზე.
 
ყველაფერ ამის გამო საქართველოში საყოველთაო იმედგაცრუებამ დაისადგურა.
 
ხელისუფლება კი შეპყრობილია აბსოლუტური უცდომელობის განცდით და საკუთარ ყველა  ქმედებას თუ გადადგმულ ნაბიჯს უპირობოდ, ყოველგვარი განსჯისა და ანალიზის გარეშე, მორიგ დიდ გამარჯვებად გვისახავს.

კრიტიკული ზღვარი

ჩვენი სახელმწიფო არასწორად იმართება!
 
მმართველობის არსებულმა სისტემამ, წესმა და სტილმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა და თუ რადიკალურად არ შეიცვალა ვითარება, შეიძლება სრული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ.
 
საქართველო არ არის ხელისუფლების საკუთრება, ის ყველა მოქალაქეს გვეკუთვნის, ეს არის ჩვენი ერთადერთი სამშობლო. ჩვენ გვაქვს უფლება და გვაკისრია მოვალეობა, ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოსავალზე, შევაფასოთ მოვლენები, მოვითხოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მრავლადაა და მივიღოთ გადაწყვეტილებები.
 
არსებულ ვითარებასთან შეგუება ნიშნავს გადაჩეხვას იმ უფსკრულში, რომლის პირასაც მიგვიყვანა ავტორიტარულმა რეჟიმმა. ასეთ დროს გაჩუმება და უმოქმედობა დაღუპვას გვიქადის და დანაშაულის ტოლფასია. ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს აუცილებელია ერთობა, მაგრამ ერთობა მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, ფასეული და სიკეთის მომტანი, თუ იგი თავისუფალ ნებაზე, გონიერებასა და მაღალ იდეალებზეა დამყარებული. ერთობა უნდა დაეფუძნოს იმ ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მათ დასაცავად ერთიანობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, და არა ერთიანობა ცხვრის ფარისა, რომელსაც წინ ვაცი მიუძღვის და გარშემო ძაღლები დარაჯობენ.
 
მე არაერთგზის მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს იმის შესახებ, რომ საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და იზღუდება დემოკრატია. მიუხედავად დაპირებებისა, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, სინამდვილეში კიდევ უფრო დამძიმდა. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „დემოკრატიის ახალი ტალღა“ ანუ ფსევდოდემოკრატიული ცვლილებები მხოლოდ ფასადის შელამაზებას ისახავს მიზნად და არა ძირეულ გარდაქმნას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ისევ დაირღვევა, კანონი ისევ არ იკანონებს. ჩემს მოქალაქეობრივ და სამსახურებრივ მოვალეობად მიმაჩნია, ვამცნო ამის შესახებ საზოგადოებას.
 
სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო უწყებების მოვალეობაა, თუმცა, არა მხოლოდ მათი. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის წილი თითოეულ მოქალაქეს გვეკისრება. ჩვენი პასუხისმგებლობა მით უფრო იზრდება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მმართველი ძალისა და მისი პოლიტიკური ლიდერების ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების იგნორირებისა და ავტორიტარული მმართველობის საბოლოოდ დამკვიდრებისკენ.
 
ეს პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატოს საზოგადოების თვითორგანიზებასა და შეკავშირებაში იმ მიზნით, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე და ამ გზით – მთელი საზოგადოების თავისუფლება და ღირსება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წარმოვადგენთ საზოგადოებას და ვართ პასუხისმგებლები – თითოეული წევრი მთელ საზოგადოებაზე და მთელი საზოგადოება თითოეულ წევრზე.

შეუქცევადი დემოკრატია

ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის, უპირობო და შეუქცევადი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფოს გამთლიანებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის აუცილებელია:

 – დაუყოვნებლივ შეწყდეს განსხვავებული შეხედულებების ადამიანების დევნა-შევიწროება;
 – ჩამოყალიბდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო;
 – დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა;
 – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; ტელევიზიებზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმება. მედიაში ხელისუფლების მხრიდან სრული ჩაურევლობა;
 – შემუშავდეს სამართლიანი საარჩევნო კოდექსი; შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო;
 – შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცე;
 – სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია;
 – ხელისუფლების შტოებს შორის კონსტიტუციური წონასწორობის დამყარება და პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების გადანაწილება;
 – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის რეალური ფუნქციების მინიჭება;
 – საზოგადოების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დანერგვა, საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისთვის;
 – საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა;
 – შეიქმნას სტაბილური, თავისუფალი, კონკურენტული ბიზნესგარემო;
 – შეკრებების, მანიფესტაციებისა და გაერთიანებების თავისუფლება;

***
 ქვეყნის გამთლიანება, დევნილების საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება, საქართველოსკენ შემობრუნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების, რომელთაც დღეს აღარ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად იწოდებოდნენ, შესაძლებელია არა ომით, არამედ სახელმწიფოში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამკვიდრებით, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნებით. მხოლოდ დემოკრატია არის გზა კეთილდღეობისკენ და ისეთი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზებისა და ოსებისთვის.

***
 მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს:
 – ავტორიტარული მმართველობა საქართველოს დაღუპვით ემუქრება. ქვეყნის განსაცდელისგან დახსნის, ახალი კატასტროფების არიდების, სახელმწიფოს გამთლიანებისა და კეთილდღეობის მოპოვების ერთადერთი გზა გადის საქართველოში ნამდვილი და შეუქცევადი დემოკრატიის უპირობოდ დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი უფლება და, ამავე დროს, – მოვალეობა, რადგან მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ამის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების დარწმუნებისა და მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმა.
 
მოგიწოდებთ, ვისთვისაც სისხლხორცეულად მტკივნეულია საქართველოს ყველა ეს პრობლემა, გავერთიანდეთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავიმარჯვოთ, რადგან ამას ჩვენგან ქვეყნის აწმყო და მომავალი ითხოვს.
 
 მივმართავ მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს:
 – საქართველოში კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ გზად გვესახება ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა;
 
საქართველოს ხალხი არ იმსახურებს ავტორიტარულ რეჟიმს, საქართველოს ჰაერივით სჭირდება დემოკრატია,  საქართველომ იცის, რა არის დემოკრატია, საქართველო მზად არის დემოკრატიისთვის, საქართველოს შეუძლია გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ღირსეული პარტნიორი. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ევროპაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამავე დროს, ღრმად გვჯერა, რომ ევროპასთან ინტეგრაციისა და ევროპის განუყოფელ ნაწილად ქცევის ერთადერთი გზა არის საქართველოში ევროპული დემოკრატიის დაფუძნება.
 
საქართველოს ხალხი დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღმოჩენილ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსადმი, მაგრამ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება თქვენი დახმარება დემოკრატიის დამყარებაში.
 
დაგვეხმარეთ დემოკრატიაში! დაგვეხმარეთ ხელისუფლების დარწმუნებაში, რომ დემოკრატიის ატრიბუტებისა და პრინციპების მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირება, ხოლო ცხოვრებაში ავტორიტარული სისტემის დამკვიდრება ქვეყანას კატასტროფას უქადის.
 
 მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას:
 – ავტორიტარული მმართველობა საქართველოს უხშობს განვითარებისა და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პერსპექტივას. ხელისუფლება ვალდებულია, ამ ძნელბედობის ჟამს მაინც იპოვოს საკუთარ თავში ძალა და ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირადულზე მაღლა დააყენოს. ჩვენ ვერ გავაერთიანებთ ქვეყანას და ვერ მივაღწევთ კეთილდღეობას, თუ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოში თავისუფალი და სამართლიანი გარემო არ შევქმენით.  დემოკრატია საქართველოსთვის სასიცოცხლო და გარდაუვალ ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება არა „დემოკრატიის ნაკუწები“, რომლის წყალობასაც გვპირდება ხელისუფლება დასავლეთისთვის თვალის ასახვევად, არამედ საქართველოს ხალხმა გადაუდებლად  და მთლიანად უნდა მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის და ჩვენი უფლებაა – სრული, უპირობო და შეუქცევადი დემოკრატია.
 
შექმნილი მძიმე მდგომარეობა უკან დასახევ გზას აღარ გვიტოვებს, ამიტომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისას კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას თანამშრომლობისა და ღია დიალოგისთვის, რათა ქვეყანაში ავტორიტარული სისტემა შეიცვალოს დემოკრატიული მმართველობით და ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს.

* * *
 ღრმად გვწამს, რომ ზემოთ დეკლარირებული პრინციპების ირგვლივ გაერთიანება, მათი ცხოვრებაში დამკვიდრება და განუხრელად დაცვა ის ერთადერთი გზაა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იღვაწოს და იცხოვროს, როგორც თავისუფალმა პიროვნებამ და ღირსეულმა ადამიანმა.

2008 წლის 25 სექტემბერი

 

 

 

Back to top button