ახალი ამბები

”იმედის” ყოფილი ჟურნალისტი დეპუტატად იყრის კენჭს

ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი დღეს საპარლამენტო პარტია ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დიდუბის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

ნათია მიქიაშვილი ტელეკომპანია ”იმედში” გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ აღარ მუშაობს. მისი პირდაპირი ჩართვა გახდა შარშან 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმების ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრის ერთ-ერთი საბაბი. იგი იყო ასევე სანდრო გირგვლიანი მკვლელობის შესახებ ”იმედზე” გასული მწვავე სიუჟეტების ძირითადი ავტორი.

დღეს მისი კანდიდატურის პრეზენტაციაზე, ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ”ქართული დასი არანაირ ფინანსურ ვალდებულებაში არ არის ხელისუფლებასთან”.

შუალედური არჩევნები თბილისის ორ საარჩევნო ოლქში ვაკესა და დიდუბეში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დროს ახალი მემარჯვენეების ორმა გამარჯვებულმა კანდიდატმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ უარი განაცხადეს სადეპუტატო მანდატებზე. შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტია არ მონაწილეობს.

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა 4 ოქტომბერს იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button